ახალი ამბები

“ავარეთი-კახეთის გზაზე არ ვმუშაობთ,” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ხელისუფლება ავარო-კახეთის გზის მშენებლობაში ჩართული არ არის და საკითხი დღის წესრიგში არ დგას:
“ვემიჯნები ავარო-კახეთის გზას და ჩვენი მხრიდან არაფერი არ იგეგმება. გაუგებარია, ეს აჟიოტაჟი საიდან წამოვიდა. თუმცა, პრინციპში გასაგებია, საიდანაც. ჩვენგან არ იგეგმება არაფერი, არ ვმუშაობთ ამ საკითხზე, არ დგას დღის წესრიგში”, – განაცხადა პრემიერმა ავარეთ – კახეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, დატოვოს თანამდებობა:
„ის, ვისაც არ ესმის ამ გზის მნიშვნელობა, ძალიან ცუდია. ამ გზაზე რუსული ტანკები ჩამოიხრიალებს პირდაპირ კახეთში. თუ ბატონ პრემიერს არ ესმის, რა დანიშნულება აქვს ამ გზას, ჯობია იხელმძღვანელოს ფორმულით, “სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს,“ – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოდან დაღესტანში ავარეთ-კახეთის 83 კილომეტრიანი გზის მშენებლობა განახლდა. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია.

ფოტო: ,,კახეთის ხმა”