ახალი ამბები

პედაგოგთა პროფკავშირების თავმჯდომარე -,,62 ათასი პედაგოგი გაფიცვისთვის ემზადება”

“პედაგოგებმა შესაძლოა, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და უახლოეს მომავალში გაიფიცონ”, – განუცხადა „კომერსანტს“ პედაგოგთა პროფკავშირების თავმჯდომარე მაია კობახიძემ.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი 2015 წლის ბიუჯეტი გახდა, რომელშიც პედაგოგთა საბაზო ხელფასის ზრდა 2015 წლის 1 სექტემბრამდე არ არის გათვალისწინებული. სექტემბრიდან კი, საბაზო ხელფასი 17%-ით გაიზრდება და 355 ლარი გახდება. 
მაია კობახიძის განმარტებით, პედაგოგთა პროფკავშირების მოთხოვნის მიხედვით, საბაზო ხელფასი 2015 წლის 1 იანვრიდან უნდა გაზრდილიყო და უახლოესი სამი წლის განმავლობაში საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების, ანუ საჯარო სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასს უნდა გათანაბრებულიყო, რომელიც, დაახლოებით, 700-750 ლარია.
„ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი იყო, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე ჩვენი ორგანიზაციისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ეს ეხაბა, რომ აუცილებელია ხელფასის გაზრდის ვადის გადმოწევა მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ლარი ინფლაციას განიცდის და პედადოგებს ისედაც უმძიმესი სოციალური მდგომარეობა აქვთ“, – განმარტავს მაია კობახიძე.
ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პედაგოგთა პროფკავშირებმა სოციალური კამპანია დაიწყო. 8 დეკემბერს მათ საქართველოს პარლამენტს 17 ათასამდე პედაგოგის ხელმოწერით მიმართეს და ხელფასების გაზრდის თარიღის გადმოწევისკენ კიდევ ერთხემლ მოუწოდეს.
კობახიძის თქმით, რესურსცენტრების უფროსებმა და სკოლის დირექტორებმა სცახდეს, მასწავლებლებისათვის ხელმოწერა აეკრძალათ ან ხელი შეეშალათ, თუმცა, ამის მიუხედავად 17 ათასი ხელმოწერა მაინც შეგროვდა. მისი განცხადებით, შეგროვებული ხელმოწერები პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრს გამოხატავს. 
„ისეთი ტრადიცია მკვიდრდება, ვგულისხმობ რკინიგზის პროფკავშირების გაფიცვას, რომ დამსაქმებლები დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესებას მხოლოდ გაფიცვის შემდეგ იწყებენ. ჩვენ ამ მეთოდს ჯერ არ მივმართავთ, რადგან გაფიცვა დიდ სირთულეებს შეუქმნის მოსწავლეებს და მათ მშობლებს. ჯერჯერობით, ვაგრძელებთ მშვიდობიანი გზით ბრძოლას, მაგრამ თუ შედეგს ვერ მივაღწევთ , ჩვენ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მივმართავთ და პედაგოგთა საზოგადოება ამისთვის მზად არის“, – აცხადებს მაია კობახიძე.