ახალი ამბები

თელავში საახალწლო შოუ-პროგრამა იწყება

თელავში, 25 – დან 31 დეკემბრის ჩათვლით, საახალწლო შოუ-პროგრამა დაიწყება, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის შეიქმნა. ინოვაციური პროექტის ავტორი ფოტოგრაფი –  გიორგი ბეჟანიშვილია, იგივე  ,,უცხო”. 
როგორც პროექტის ხელმღვანელმა knews.ge-სთან საუბარში აღნიშნა, სასტუმრო ,,ძველი თელავის” ტერასაზე მდებარე სანტას კოშკურაში გაიმართება საახალწლო ღონისძიებები: ,,ბავშვებისთვის მხიარული შოუ დაიწყება 18:00 საათზე. ყოველდღიურად ჩაარდება 3 სეანსი და ერთი წარმოდგენა 45 წუთს გაგრძელდება. პროგრამა მორგებულია ბავშვებზე”. 
ბეჟანიშვილისვე განცხადებით, წარმოდგენას ექნება თეატრალიზებული სახე: ,,პროგრამაში შეტანილია მხიარული თამაშები ჯამბაზების მონაწილეობით. ბავშვები იქნებიან სანტას ქუდებით, რომლებსაც ისინი საჩუქრად მიიღებენ. წარმოდგენის ბოლოს სანტა ბევშვებს საჩუქრად ტკბილეულს გადასცემს. შოუ-პროგრამის განმავლობაში იმუშავებს პროფესიონალი ფოტოგრაფი და მშობლებს საშუალება ექნებათ წარმოდგენის მეორე დღეს დისკი წაიღონ. ბავშვებს ელოდებათ საინტერესო პროგრამა და სიმღერები მათი საყვარელი ზღაპრისა და კომიქსის გმირების – სპაიდერმენი, ბეტმენი, ფიფქია, პრინცესა ელზა, ბოროტი ჯადოქარი და მხიარული ჯამბაზების მონაწილეობით”.
შოუ-პროგრამის ბილეთის ფასი 20 ლარს შეადგენს. 10 წლამდე მოზარდს შეუძლია მშობელთან ერთად დაესწროს ღონისძიებას: ,,ვმუშაობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ შეკვეთებზე. აღნიშნული პროგრამა უფასოა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის“. 
საახალწლო პროგრამა სასტუმრო ,,ძველ თელავის“ მხარდაჭერით ხორცილდება.