თავისუფალი ტურისტული ზონების კანონში ცვლილებებს პარლამენტი გაზაფხულზე განიხილავს
უწყებაში ვარაუდობენ, რომ მომავალი წლიდან უკვე ამოქმედდება ცვლილებები, რომლებიც ინვესტორებს დამატებით ვადებს მისცემს თავისუფალ ტურისტულ ზონებში შეუსრულებელი ვალდებულებების შესასრულებლად და სასტუმროების ასაშენებლად. ეკონომიკის სამინისტრო ცვლილებებზე აჭარის მთავრობასთან ერთად მუშაობს.
საუბარია იმ სასტუმროებზე, რომელთა აშენების ვალდებულებაც ინვესტორებმა 2010 წლის შემდეგ „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ აიღეს, მაგრამ ვალდებულებები ვერ შეასრულეს.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ვადების გადაწევა ინვესტორებს დამატებით სტიმულს მისცემს და ჯარიმებსაც აარიდებს თავიდან. მისი თქმით, ვადების გახანგრძლივების შემდეგ სასტუმროების მეპატრონეებს გასასამართლებელი საბუთი აღარ ექნებათ და მშენებლობას დაასრულებენ.

