ახალი ამბები

შსს-მ სოფელ გრემის რწმუნებული დააკავა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, 1956 წელს დაბადებული გიორგი ღუტიშვილი სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, რთველის პერიოდში, ყურძნის მიღება-ჩაბარებისას, მოქალაქის სახელზე ყალბ დოკუმენტაციას სისტემატურად გასცემდა. 
გიორგი ღუტიშვილმა აღნიშნული მოქალაქის სახელზე სულ გასცა 108 ტონა ყურძნის მიღება-ჩაბარების შესახებ ყალბი ცნობა, რომლის გამოც, კახეთის რეგიონის რამდენიმე ღვინის ქარხანამ 81 000 ლარის ზარალი მიიღო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ღუტიშვილი გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს მოხელის მიერ ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანას ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენას ან გაცემას. სამსახურეობრივი სიყალბე ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.