თესაუს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ერთი განაცხადია დარეგისტრირებული
თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი, რექტორის მოადგილე, ირმა შიოშვილი მიიღებს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 22 დეკემბერს, 9:00 საათზე დაიწყება. აკადემიური პერსონალი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს 6 თვის ვადით აირჩევს.
,, არჩევნებში სრული აკადემიური პერსონალი ღებულობს მონაწილეობას და 2014 წლის 22 დეკემბერს 10:00 საათიდან – 14:00 საათამდე, ყოველგვარი კანონის დაცვით ჩატარდება კენჭისყრა, რომლის შემდეგაც ირმა შიოშვილი მოვალეობის შესრულებას შეუდგება ”- განუცხადა knews.ge-ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნელი ცქიტიშვილმა.
ირმა შიოშვილი რექტორის არჩევნებში 2013 წლის 8 ნოემბერსაც მონაწილეობდა. მაშინ შიოშვილმა აკადემიური საბჭოს 2 წევრის ხმა მიიღო. ავთანდილ ღელაღუტაშვილის მიერ რექტორის თანამდებობის დაკავების შემდეგ ირმა შიოშვილი რექტორის მოადგილედ დაინიშნა. მანამდე ის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი იყო. 15 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტა. რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა ავთანდილ ღელაღუტაშვილის მიერ 2009 წელს მიღებული დოქტორის ხარისხის შემოწმებისას საგანმანათლებლო დოკუმენტების სანდოობის შეუსაბამობამ გამოიწვია. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლის რექტორს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული პირის ხარისხი უნდა ჰქონდეს. ავთანდილ ღელაღუტაშვილს უფლებამოსილების ვადა 2017 წელს უმთავრდებოდა. ღელაღუტაშვილი თესაუს რექტორად 2013 წლის 8 ნოემბერს აირჩიეს.

