ახალი ამბები

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების ჯგუფის შერჩევის წესი დამტკიცდა

საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების ჯგუფის წევრთა შერჩევის წესი დაამტკიცა. ჯგუფი 12 წევრისგან შედგება და მისი წევრი შეიძლება იყოს სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, იურისტი, ექიმი, ფსიქიატრი და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტი. ჯგუფის ფუნქციაა ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მიანიჭოს სტატუსი, რის შემდეგაც მას სახელმწიფო თავშესაფარში გადასვლა შეუძლია. თავშესაფარი უფასოა და მოძალადემ არ იცის მსხვერპლის ადგილსამყოფელი.  საბჭოს მთავარი პლიუსი ისაა, რომ მსხვერპლს სტატუსის მიღება პოლიციის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერისა და სასამართლოს მიერ გამოწერილი დამცავი ორდერის გარეშე შეეძლება. ახლადდამტკიცებული წესის მიხედვით, ჯგუფი პირს მსხვერპლის სტატუსს წელიწადნახევრით ანიჭებს.  მომავალი წლიდან კონკრეტული საქმეების განხილვა იქნება შესაძლებელი.