ახალი ამბები

თელავში კახეთის პრობაციის ბიუროს განახლებული ოფისი გაიხსნა

თელავში კახეთის პრობაციის ბიუროს განახლებული ოფისი გაიხსნა. განახლებული ოფისის გახსნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი დაესწრნენ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, განახლებული ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობების საგრძნობლად გაუმჯობესება კახეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებს დაეხმარება საქმიანობასა და მათ წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით გადაჭრაში.
,,რეკონსტრუქციის შედეგად ოფისში მოეწყო პრობაციონერთა სარეგისტრაციო და ინდივიდუალური გასაუბრების ოთახები, პრობაციის ოფიცრების, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის კაბინეტები, აგრეთვე ჯგუფური თერაპიის ოთახი,”-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, ოფისში ფუნქციონირებს ვიდეოპაემნის სერვისი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებთან ვიზუალური და ხმოვანი კონტაქტი განახორციელონ.