ახალი ამბები

პოეტ ზინა სოლომნიშვილის შემოქმედებითი საღამო თესაუში

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული სექციის ორგანიზებით, უმაღლესი სასწავლებლის ბიბლიოთეკის დარბაზში, თელაველი პოეტის ზინა სოლომნიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ზინა სოლომნიშვილის ლექსების ახალი კრებულის პრეზენტაცია სახელწოდებით ,,სხვისი წვიმები” ავტორის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. აღნიშნულ კრებულში პოეტის პოეზია თითქმის სრულად არის წარმოდგენილი, სადაც შეტანილია როგორც ცნობილი, ისე დღემდე გამოუქვეყნებელი ლექსები.
გვანცა ქეშიკაშვილი, თესაუ-ს ლიტერატურული სექციის ხელმძღვანელი: ,,კრებული, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, საგამომცემლო სახლმა ,,ემ-პი-ჯი” -მ დაბეჭდა. უახლოეს მომავალში, სწორედ ამ კომპანიის შემოთავაზებით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მოხდება ზინა სოლომნიშვილის ყველა ლექსის ერთ კრებულში თავმოყრა და გამოცემა. მისი პოეზია არაჩვეულებრივია. ჩემი აზრით, ანა კალანდაძის შემდეგ ზინა სოლომნიშვილი მეორე ქალბატონია, რომელიც საქართველოში ინდივიდუალური წერის სტილით გამოირჩევა.”
ზინა სოლომნიშვილი, პოეტი: ” დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საღამოს ორგანიზატორებს და, ზოგადად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე. ბედნიერი ვარ ასეთი არაჩვეულებრივი და თბილი დახვედრისთვის. ეს დღე არასდროს დამავიწყდება.”
ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი.