ახალი ამბები

ავარეთ-ყვარელის გზის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ აქციას დაპირისპირება მოჰყვა

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ყვარელში ავარეთ-ყვარელის გზის მშენებლობა გააპროტესტა. “დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის” დირექტორის, მუხრან ბურჭულაძის განაცხადებით, აღნიშნული გზის მშენებლობა კახეთის ოკუპაციას გამოიწვევს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ აქციას დგილობრივებიც შეუერთდნენ. 
“არასდროს დავუშვებთ, რომ ბეტონის გზატკეცილი გაუხსნას საქართველოს ხელიუფლებამ რუსულ ტანკებს. რუსული ტანკები და უკონტროლო ბაზრები ვერ უშველის საქართველოს ეკონომიკას. ბოლომდე ვიდგებით აქ და არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას, რომ ავარეთ-ყვარელის გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს”, – განაცხადა ბურჭულაძემ. 
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, არასამთავრობოების მშვიდობიან აქციაზე, ადგილობრივი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ავარელები გამოჩნდნენ. მაისურებზე წარწერით – Russia და სკანდირებდნენ – რუსეთი, რუსეთი – „რუსეთი არ არის ოკუპანტი, ჩვენ გვინდა რუსეთი და საბჭოთა კავშირი!“.  ადგილობრივებმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართული აქციის ჩაშლა სცადეს რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია. 
მიმდინარე წლის აგვისტოდან დაღესტანში ავარეთ-კახეთის 83 კილომეტრიანი გზის მშენებლობა განახლდა. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია. 
საქართველოში რუსეთთან დამაკავშირებელი კიდევ ერთი გზის მშენებლობას ახალი საფრთხეების შექმნის შესაძლებლობად აფასებენ. ოპოზიცია აღნიშნულ მასშტაბურ სამშენებლო პროექტს „კახეთის ცხინვალიზაციის“ რეალურ საფრთხედ აღიქვამს, მთავრობის წევრების გარკვეული ნაწილი კი საუბრობს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობაზე.
9 დეკემბერს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის საკითხს არ განიხილავს: „მე მგონი, თქვენ უფრო მეტი იცით, მე არაფერი ვიცი ამ პროექტის შესახებ, სხვა ქვეყნის საქმიანობაში მე ვერ ჩავერევი და ვერ ვეტყვი, რომელი პროექტი გააკეთონ და რომელი არა. საქართველოს მთავრობაში ეს საკითხი არ განიხილება და ჩვენ არაფერს ვაშენებთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.