მანქანიდან ნაგვის გადაყრისთვის ჯარიმა 120 ლარით განისაზღვრება
გარემოს დანაგვიანებაზე სანქციები მკაცრდება. ფეხით მოსიარულეთათვის ჯარიმა 80 ლარი იქნება, სახლიდან ნარჩენების გადაყრისთვის – 100, მანქანიდან გადაგდების შემთხვევაში კი 120 ლარი. თუ ნაგვის ოდენობა ორ კილოგრამს აღემატება, ჯარიმის ოდენობაც გაიზრდება. 50 ლარით კი ის მოქალაქები დაჯარიმდებიან, რომლებიც საკუთარი შინაური ცხოველების ფეკალიებს ქუჩაში დატოვებენ. ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის. ინციატორი კი გარემოს დაცვის სამინისტროა.
„შეიქმნება სამართლებრივი ბაზა, რომელიც დაარეგულირებს არსებული ნაგავსაყრელების მოწყობის, დამუშავების, დაკეტვის მექანიზმებს, ახალი ნაგავსაყრელების მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს დაადგენს, ასევე დაარეგულირებს ნარჩენების მართვის გეგმების, როგორც ეროვნულის ასევე მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავების პირობებს, რომლის მიხედვითაც საქართველო ეტაპობრივად გადავა ნარჩენების სეპარირების სისტემაზე“,- განაცხადა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძემ.