ახალი ამბები

კახეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებს ახალი ავტომობილები გადაეცა

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის თქმით, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო მანქანები მწყობრიდან იყო გამოსული, რომელიც მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა.
,,მივიღეთ ახალი მანქანები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, ასევე ყველა მანქანა არის მაღალი გამავლობის, რაც მნიშვნელოვანია,”- განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
გუბერნატორის განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების მეორე ეტაპზე ახმეტის, გურჯაანის, საგარეჯოს, ყვარლის, ლაგოდეხის, წნორი/სიღნაღისა და თელავის განყოფილებებს ერთი, დედოფლისწყაროს რაიონულ ცენტრებს კი სამი მაღალი გამავლობის, “Volkswagen”-ის მარკის ავტომობილი გადაეცა. 
,,განაწილების ამ ეტაპზე, წნორი/სიღნაღის, ლაგოდეხის და ახმეტის რაიონულ ცენტრებში ერთი, საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონულ ცენტრებში კი 2 საშუალო გამავლობის, “Ford”-ის მარკის ავტომობილი გადანაწილდა. ავტოპარკის განახლების პირველ ეტაპზე კი თელავის სასწრაფო დახმარების განყოფილებას 2 ახალი ავტომობილი გადაეცა,”- განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
დღეისათვის კახეთში უკვე ახალი 19 სამედიცინო დახმარების მანქანაა შემოსული. 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე ამ პროცესის გაგრძელების პირობას დებს და აცხადებს, რომ რეგიონში წლის ბოლომდე მთლიანად განახლდება სასწრაფო დახმარების მანქანების ავტოპარკი.
,,ეს პროცესი გაგრძელდება და მარტო ახალი მანქანების გადაცემით არ შემოვიფარგლებით. სულ მალე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდება ტრენინგი და ძველი მანქანები გადაიარაღდება. გარდა ამისა, თანამშრომლები წლის ბოლოს მეცამეტე ხელფასს აიღებენ. ასევე იგეგმება მათი ხელფასის 30 %-იანი ზრდა,”- განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.