საქართველოში შემომსვლელი ტურისტების რიცხვი შემცირდა
ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს თთქმის 40 %-ით შემცირდა. კრიზისზე კომპანიების შიდა ტურების წარმომადგენლები საუბრობრობენ. მათი ინფორმაციით, შესაცვლელია მიდგომა ტურისტულ ბიზნესთან მიმართებით. მათივე განცხადებით, ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზე საუბრისას საქართველოში ხშირად უსვამენ ხაზს იმ ფაქტს, რომ მისი ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია ტრანსპორტის სიძვირე. ამას გარდა, სერიოზული პრობლემაა ხარისხიანი და საშუალო ფასის საწოლი ადგილები.
საქართველოში მოქმედი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებიც ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობის საგრძნობლად შემცირებაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში გადახდისუნარიანი ტურისტები ფაქტობრივად აღარ შემოდიან. შეწყვეტის პირასაა საქმიანი ტურიზმის მიმართულებაც.
კომპანია „გუდ თრეველში“ განმარტავენ, რომ მოთხოვნა განსაკუთრებით საქმიან ტურებზე შემცირდა, რომელიც სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. ამის მიზეზი კი მათი აზრით, ინფრასტრუქტურის არარსებობაა. მათივე თქმით, გასულ წელთან შედარებით, ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წელს დაახლოებით 40 %-ით შემცირდა. 2014 წლის ნოემბერი 402 307 ვიზიტით განისაზღვრა, რაც2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე -3,8 %–ით ნაკლებია.
საპირისპიროს ამტკიცებს ტურიზმის ეროვნული
სააგენტო. მათი ინფორმაციით, ბოლო შვიდი თვის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 4 პროცენტით გაიზარდა, გასულ წელთან შედარებით. 2014 წლის იანვარ-ივლისში კი საქართველოში სულ 2 913 618, ანუ დაახლოებით 3 მილიონამდე, სტუმარი შემოვიდა. პირველ ხუთეულში არიან: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და უკრაინა.
შსს-ს ინფორმაციით, 2014 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-7%), აზერბაიჯანიდან (-0,8%), სომხეთიდან (+2,7%), რუსეთიდან (-8%) და უკრაინიდან (-8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–ნოემბერშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ლატვია და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად 87%, 29%, 25%, და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (35%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის მოქალაქეები 48% მატებით.