საწარმოში პარტნიორის წილის შემცირებაზე მისგან თანხმობა სავალდებულო აღარ იქნება
მოქმედი კანონის თანახმად, “თუ წესდების/პარტნიორთა შეთანხმების ცვლილება პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას აუქმებს, ან მას ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე, პარტნიორის თანხმობის გარეშე ამგვარი ცვლილების შეტანა დაუშვებელია”. აღნიშნული ვალდებულების გაუქმებას “მეწარმეთა შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შესთავაზა.
კომიტეტის განმარტებით, ამგვარი ვალდებულების არსებობა მნიშვნელოვან დაბრკოლებას ქმნის სამეწარმეო საზოგადოებების ეკონომიკური განვითარების კუთხით, რადგან უმცირესობაში მყოფ პარტნიორს აქვს აბსოლუტური ვეტოს უფლება საწარმოს საფინანსო საკითხებზე, საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ცვლილების ჩათვლით, რაც საწარმო საზოგადოების ინტერესებს ცალსახად ეწინააღმდეგება.