1. ვინც სქესობრივ განათლებაზე უარს ამბობს ის უარს ამბობს ბავშვის აღზრდაზე
სკოლაში სქესობრივი აღზრდის სავალდებულო საგნად დანერგვაზე არავინ საუბრობს. საკითხი, ფაქტობრივად, ტაბუირებულია და მასზე საჯარო განხილვები არ მიმდინარეობს.
მეთერთმეტე კლასელი თაზო ხალხელაური მიიჩნევს, რომ სქესობრივი განათლება სკოლებში უნდა ისწავლებოდეს, რათა მოზარდმა თავიდან აიცილოს უსიამოვნებანი:
,,უნდა ისწავლებოდეს თუნდაც იმიტომ, რომ დაზღვეული იყოს მოზარდი, რათა არ დაავადდეს სხვადასხვა გადამდები ინფექციებისგან. ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგებმა უნდა იმუშავონ სახელძღვანელოს შედგენაზე და ასაკობრივად განსაზღვრონ რა ტიპის ინფორმაცია მიაწოდონ”.
მეათეკლასელ ლიკა აივაზაშვილის აზრით, უნდა არსებობდეს ილუსტრირებული წიგნები და სახელმძღვანელოები:
-,,არასწორად არის აღქმული სქესობრივი აღზრდა ჩვენში და ეს მიაჩნიათ სირხვილად. ეს ხდება იმიტომ, რომ ოჯახში მოზარდობის პერიოდში მას მშობლებმა უარი უთხრეს ინფორმაციის მიღებაზე და არ უპასუხეს მის შეკითხვებს. ეს არ არის სირცხვილი, თუ ვამბობთ, რომ ევროპის ნაწილი ვართ, განათლებაც შესაბამისი უნდა გვქონდეს. არ უნდა გვრცხვენოდეს კითხვების დასმის და არ გვეშინოდეს ინფორმაციის მიღების. სირცხვილი ის არის, რომ პორნოფილმებიდან იგებდე დამახინჯებულ ინფორმაციას და არაფერი იცოდე ინფექციურ დაავადებებზე ან ელემენტარულ ესთეტიკაზე. ამიტომ უნდა დაგვანახონ, რომ სექსუალური განათლება არ არის გარყვნილება.
აივაზაშვილის თქმით, პირველ რიგში საზოგადოება უნდა მივიდეს იმ აზრამდე, რომ სექსუალურ აღზრდას თანამედროვე ადამიანის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია:
-,,ანატომიაში ხშირად ახტებიან მაგ პარაგრაფებს სკოლაში და არ ასწავლიან, რადგან არაჯანსაღი დამოკიდებულებაა ამის მიმართ. როგორც დედასგან ვიცი, სექსოლოგია მოიცავს არაერთ თემას: რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, აბორტებს, ვენერიულ დაავადებებს, ჰიგიენასა და სხვა, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ყველამ, განსაკუთრებით მოზარდებმა. უნდა შემუშავდეს ისეთი სასწავლო პროგრამა, რომელიც ბავშვებისთვის შოკისმომგვრელი არ იქნება .
გასულ წელს თელავის #1 საჯარო სკოლაში ევროკავშირისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, უნდა განხორციელებულიყო მოზარდებისათვის წიგნის კითხვის პროგრამა. სკოლაში შევიდა ,,18+” შინაარსის წიგნები, რომელიც გათვლილი იყო დაწყებითი კლასის მოსწავლეებზე, თუმცა პროგრამა საბოლოოდ ჩავარდა და დღემდე შეჩერებულია. ჩვენ დავინტერესდით რა გახდა სახელმძღვანელოს აკრძალვის მიზეზი, თუმცა სკოლის დირექტორმა მაია ოთარაშვილმა პასუხს თავი აარიდა.
პედაგოგ ნანა ცისკარაშვილის განცხადებით, სქეოსობრივი განათლების საჭიროების შესახებ საუბრები უნდა დაიწყოს:
,,როგორც პედაგოგს მიმაჩნია, რომ დაწყებითი კლასებიდან კი არა, არამედ საბავშვო ბაღიდანვე უნდა ისწავლებოდეს საგნის ელემენტები. ეს საკითხები ბუნებში არსებობს და დიდია დაინტერესება როგორც ბავშვობის, ასევე მოზარდობის ასაკში. საზოგადოებაში ამ თემას ტაბუ ადევს და მასზე ინტერესის გამოხატვაც კი ცუდ ტონად ითვლება. ჯანსაღია და ცოცხალია საზოგადოება იქ, სადაც ყველა კითხვას სცემენ პასუხს.
რატომ არუნდა ვისაუბროთ აღნიშნულ თემაზეჶიმიტომ, რომ სტერეოტიპების გავლენის ქვეშ ვართ და გარყვნილებად ითვლება ამაზე საუბარი? სქესობრივ აღზრდაში უამრავი საკითხი შედის და მიმაჩნია, რომ რაც ადრეულ ასაკში ეცოდენებათ ამის შესახებ ჩვენს შვილებს, მით უფრო მარტივია მათი დაცვა.
დღეს უკვე უნდა დავიწყოთ ამ საკითხების განხილვა და საუბრები, რათა მოზარდებს ხელი შევუწყოთ ჯანსაღ აზროვნებაში”.
სქესობრივი განათლების აუცილებლობაზე საუბრობს სექსოლოგი, პროფესორი და მედიცინის დოქტორი არჩილ ბაქრაძე. მისი შეფასებით, სქესობრივი განათლება არათუ საჭირო, არამედ სავალდებულოა რადგან სქესობრივი აღზრდა ბავშვის, მოზარდის აღზრდის ნაწილია:
,,პირველივე კლასიდან უნდა ისწავლებოდეს საკუთარი სქესისთვის დამახასიათებელი ქცევა და ზოგადად, სექსობრივი აღზრდის ელემენტები. თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს სქესობრივი აღზრდა საჯარო სკოლებში, ამ საკითხებზე პროფესიონალებმა უნდა იმუშავონ, მათ ვინც იციან ფსიქო-კულტურალური გარემო, რომელშიც ესა თუ ის აუდიტორია არსებობს, – განმარტავს არჩილ ბაქრაძე.
საქართველოში მოზარდების სქესობრივი განათლების შესახებ კვლევა არ არსებობს, მეტიც სექსუალური განათლების საჭიროებაზე ყოველგვარი წამოწყება, კამათი თუ საჯარო განხილვები შეწყვეტილია.
ბავშვთა ფსიქოლოგები გამარტავენ, რომ სქესობრივი გაანთლება უნდა იწყებოდეს 4-5 წლის ასაკიდან, როცა ბავშვი ამჩნევს იდენტობას:
,,ბავშვის შეკითხვებს ყოველთვის უნდა გავცეთ ამომწურავი პასუხები, რომ არ გაუჩნდეს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. ინფორმაციის მიწვდა უნდა ხდებოდეს ასაკის შესაბამისად, როგორც ოჯახში, ასევე, სკოლაში, – აცხადებს ბავშვთა ფსიქოლოგი თამარ თუშიშვილი.
ფსიქოლოგისვე განმარტებით, უდიდესი როლი აკისრია, როგორც ოჯახს, მშობლებს, ასევე, სკოლას. იგი ყურადღებას ორივეს როლზე ამახვილებს:
-,,ოჯახი და სკოლა – ორივემ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი. ბავშვი ვითარდება 3 კუთხით – აკადემიური, ფიზიკური და სოციალური. ბავშვისთვის, ასევე მოზარდისთვის მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ხდებოდეს ინფორმაციის მიწოდება.
თუშიშვილისვე განცხადებით, სქესობრივი განათლების არარსებობა მნიშვნელოვანადაა დამოკიდებული ოჯახში დამკვიდრებული აღზრდის სტილზე:
,,სოციალური ქსელიდან ბავშვი იღებს არასწორ და მდარე ინფორმაციას, ამიტომ მშობელთა კლუბებმა მასწავლებელსა და ფსიქოლოგთან ერთად შესაძლოა, რომ დაგეგმოს პროგრამები ჶ როგორ მიაწოდონ ბავშვს საჭირო ინფორმაცია, შეიმუშავონ ასაკობრივი მოდულები, რადგან ერთი და იმავე ტერმინოლოგიით, ერთნაირი ინფორმაცია გადავცეთ ბავშვს სკოლაშიც, სახლშიცა და ბაღშიც. ცალჶცალკე რგოლები სიახლეს ეფექტურად ვერ დანერგავს.
ფსიქოლოგის შეფასებით, ბავშვის შეკითხვა არასდროს უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი, რათა არასრულფასოვნების კომპლექსმა არ გაიღვიძოს მასში:
,,არასდროს აარიდოთ შეკითხვებს თავი, რადგან ბავშვი, მოზარდი, როცა მის შეკითხვების არ სცემენ პასუხს, თავს უმნიშვნელოდ მიიჩნევს. ამას მოსდევს დეპრესია, რაც შეიძლება გამოიხატოს აგრესიაში. ასეთ დროს მშობლებმა უკვე აღარ იციან, ვის მიმართონ.
მისივე თქმით, დღეს სქესობრივ განათლებაზე ყურადღებას არ ამახვილებენ, რაც ხელისშემშლელი ფაქტორია მოზარდის სწორად ჩამოყალიბებისათვის:
-,,სქესობრივი მოწიფულობის კულტურულ განათლებაზე, ოჯახის დაგეგმვაზე, ორსულობაზე საინფორმაციო შეხვედრები უნდა ტარდებოდეს, რაც თავიდან ბევრ პრობლემას აგვარიდებს. როგორც ბავშვთა ფსიქოლოგი, ვხედავ ამის დიდ საჭიროებას, თუ როგორ შევინარჩუნოთ სქეოსობრივად მოწიფული ახალგაზრდები ჯანმრთელები, ასაკის შესაბამისი სახელმძღვანელო ან სხვა სწავლების მეთოდიკა უნდა შევიმუშავოთ, მაგალითად, საფუხურების, ბავშვის ასაკობრივი ინტერესის მიხედვით, რათა თავიდან ავიცილოთ ძალადობის ფაქტები.
მშობლების შეხედულება სქესობრივი სწავლების დანერგვის შესახებ სკოლაში სხვადასხვაგვარია. ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშვის სქესობრივი აღზრდა 3-4 წლის ასაკში უნდა იწყებოდეს. ზეინაბ ირომაძეს მიაჩნია, რომ ბავშვმა ოჯახში უნდა მიიღოს გარკვეული ინფორმაცია და შემდეგ მოზარდობის პერიოდში ოჯახს სწორი ინფორმაციის მიწვდაში სკოლა უნდა დაეხმაროს:
-,,მყავს 2 შვილი, 5 წლის ვაჟი და 12 წლის გოგონა. ორივეს სქეოსობრივი აღზრდა დავიწყე მაშინ, როდესაც პირველი შეკითხვა გაუჩნდათ, რომ მე ბიჭი ვარ, ის გოგო და რა სხვაობა ჩვენს შორის? ჩემმა შვილმა პირველი შეკითხვა თმასთან დაკავშირებით დასვა, რომ მას გრძელი თმა ჰქონდა და მეზობელ ბიჭს – მოკლე. ამის შემდეგ დავიწყე ილუსტრირებული წიგნების შეძენა, ახლაც ჩემი მეგობრები საზღვარგერეთიდან მიგზავნიან და ვცდილობ, სწორად მივაწოდო ბავშვებს მათთვის საინტერესო ინფორმაცია, მაგალითად, რა არის ჩანასახი, როგორ ჩნდება ბავშვი, რა განსხვავებაა ბიჭსა და გოგონას შორის და სხვა საკითხები.
ირომაძისვე განცხადებით, მას არ სურს არასწორი ინფორმაცია მიიღონ ბავშვებმა, თუნდაც კლსელისგან ან სოციალური ქსელიდან:
,,გაცილებით მარტივია, როდესაც დედა და მამა ბავშვებთან კარგად ახერხებენ ურთიერთობას და მათთვის გასაგებ ენაზე უხსნიან სხვადასხვა საკითხს.
ინტერნეტით ან მეგობრისაგან გაგებული ინფორმაცია სასარგებლო ვერ იქნება. ყველაფერს ვუხსნი მარტივად, როგორც შემიძლია; შემდეგ ჩნდება სხვა კითხვებიც და ვცდილობ, ყველა მათგანს ვუპასუხო.
მინდა, რომ სკოლაში ჩემმა შვილებმა სქესობრივი განათლების საგანი ისწავლონ, სხვა ქვეყნებში უკვე სახელმძღვანელოს დახვეწაზე ფიქრობენ. უნდა გავიგოთ, რომ სქესობრივი განათლების მიღება გარყვნილება არ არის, პირიქით, ჩვენს შვილებს ვიცავთ ძალადობისგან, აგრესიისგან, დეპრესიისგან და არასწორად აღზრდისგან.
მშობლების ნაწილს სხვა მოსაზრება აქვს. მათ მიაჩნიათ, რომ სკოლაში სქესობრივი განათლების დანერგვა საჭირო საერთოდ არ არის:
,,რატომ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში ეგ საგანი, მით უმეტეს დაწყებითი კლასებიდან. არც ინტერნეტი გვქონდა და არც მშობლებს უსაუბრიათ ამ საკითხზე, თავისთავად გაიგებს ყველაფერს, როცა ბავშვი გაიზრდება, – აცხადებს გენო ოთარაშვილი.
ექიმი-სექსოლოგი არჩილ ბაქრაძე განმარტავს, რომ მშობლებს ხშირად აღნიშნულ საკითხზე საუბარი ეუხერხულებათ მაშინ, როდესაც სქესობრივი აღზრდა ზოგადი აღზრდის ნაწილია:
,,თუ მშობელი ამბობს, რომ სექსუალური აღზრდა საჭირო არ არის, იგი უარს ამბობს, ბავშვის აღზრდაზე. მთავარია, კონკრეტულად და გასაგებად აუხსნან. ამ დროს ყველა დუმს ამ საკითხზე. ოჯახებში ურთულესი მდგომარეობაა. როგორ შეიძლება, მოიძებნოს გამოსავალი, რომ როგორღაც ერთი დასკვნა გამოვიტანოთ? ამიტომაც არის, რომ ზოგჯერ ბავშვობისდროინდელი პრობლემები 50 წლის ასაკში იჩენს თავს. ყველა მშობელს ვერ ჩავუტარებთ ტრეინინგს, თავად მათ უნდა იცოდნენ, ინფორმაცია შვილებს როგორ მიაწოდონ”.
სექსოლოგის აზრით, ის რომ არასრულწლოვანთა ასაკში ოჯახის შექმნა, არასასურველი ორსულობისა და აბორტის რიცხვი, დაავადებები და სხვა პრობლემები მატულობს, ეს სქესობრივი აღზრდის არარსებობის შედეგია, რაც საზოგადოების ნაწილისთვის ჯერ კიდევ უცნობი და უცხოა.
საზოგადოების ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ სქესობრივი განათლება უნდა მიიღონ, თუმცა არავის აქვს ზუსტი პასუხი, რას მოიცავდეს განათლება – ადამიანის სხეულს, მასში მიმდინარე პროცესებს, კონტრაცეფციას, რეპროდუქციის ბიოლოგიურ მხარესა თუ აბორტს ან სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს. ისინი ამბობენ, რომ სწავლების დანერგვა საჯარო სკოლებში თუ არ გამორიცხავს, შეამცირებს მაინც პრობლემას და პასუხს გასცემს ბევრ ტაბუდადებულ კითხვებს.