სტატიები

რას არის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და რა ინფორმაციას ფლობს ამაზე საზოგადოება

რეპროდუქციული ჯანმრთელობა ნიშნავს, რეპროდუქციული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და იგი გულისხმობს, ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობას, იქონიოს სრულყოფილი სქესობრივი ცხოვრება და იყოლიოს შთამომავლობა მისთვის სასურველ დროს. კანონით ყველა ქალსა და მამაკაცს აქვს უფლება, ჰქონდეს ხელმისაწვდომი კვალიფიციური ინფორმაცია მათთვის მისაღებ უსაფრთხო ფერტილობის რეგულაციის მეთოდებზე, რათა გააკეთონ თავისუფალი ინფორმირებული არჩევანი.

ფსიქოლოგების თქმით, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობა ნაკლებად არის ინფორმირებული. მათი განმარტებით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეების ინფორმირება, განსაკუთრებით მოზარდების, რომლებიც გარდატეხის ასაკში არიან.

ფსიქოლოგ თამარ თუშიშვილის თქმით, ინფორმირება აუცილებელია, როგორც გოგონასთვის, ისე ბიჭისთვის, რომლებსაც ე.წ გარდატეხის პერიოდი ეწყებათ და უჩნდებათ ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ.

,,აუცილებელია მათ კარგად იცოდნენ ზუსტად, რას გულისხმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც გარკვეული ასაკის დროს უჩნდებათ, ესენია: თმიანობა, მენსტრუალური ციკლი და სხვა. მათ უნდა იცოდნენ, რატომ დაიწყო ეს ძვრები და რისთვის არის საჭირო. ჩემი აზრით, ამ კუთხით მათი ცნობიერება დაბალია. ამას მოწმობს ბოლოდროინდელი ფაქტიც: როგორც ფსიქოლოგი, კახეთში ვმუშაობ 14 წლის გოგონასთან, რომელიც არის ორსულად. მან არ იცოდა რეპროდუქციული ასაკის შესახებ, თუნდაც ის, მის ასაკში შეიძლებოდა თუ არა დაორსულება, როდის არის კვერცხუჯრედი მომწიფებული და სხვა. მას რომ სცოდნოდა, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამას, საქმე, ალბათ, აქამდე აღარ მივიდოდა. სწორედ ამ ფაქტების თავიდან ასაცილებლად მათ უნდა იცოდნენ რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, იმისთვის, რომ არ მოხდეს დაუცველი სქესობრივი კავშირი, მათ უნდა ვუთხრათ, რა შეიძლება და რა არა. ახალგაზრდებს თავიანთი ასაკის შესაბამისად უნდა ველაპარაკოთ და მივაწოდოთ ინფორმაცია გასაგებ ენაზე,“- განაცხადა ფსიქოლოგმა თამარ თუშიშვილმა.

საქართველოს მთავრობა საერთაშორისო დონორ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გარკვეულ ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიმართულებით, თუმცა სპეციალისტების თქმით, აღნიშნულ სფეროში არსებული მდგომარეობა კვლავაც საგანგაშოა, რაზეც მეტყველებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ძირითადი მაჩვენებლები საქართველოში.

რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალგაზრდებში ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრ ,,კახეთი იონის’’ პროექტ ,,რეპროდუქციული ჯანმრთელობა-გენდერული თანასწორობის’’ ხელმძღვანელი გოჩა შავგულიძეც. მისი თქმით, რეპროდუქციული ჯანმრთელობა ემსახურება ადა¬მიანის შთამომავლობის გაგრძელებას, მის შენარჩუნებას და ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ ის არის არა მარტო ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარება, არამედ მისი კეთილდღეობაც.

გოჩა შავგულიძის თქმით, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან უდა დაიწყოს.

-,,მდედრობითი სქესისათვის რეპროდუქციულ ასაკს წარმოადგენს 15-49 წელი, ხოლო მამრობითისათვის 15 წლიდან ზევით, თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც. რეპროდუქციულ ჯანმთელობაზე ზრუნვა ადამიანმა უნდა დაიწყოს ადრეული ასაკიდან და მას ენიჭება პრინციპული მნიშვნელობა. აღნიშნული საკითხის შესახებ სამოქალაქო ცნობიერების დონე დაბალია, დაინტერესება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა უკვე პათოლოგიური მდგომარებების გამოვლინება ხდება, რისი კორექციაც არცთუ ისე ადვილია და დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებთან. სწორედ ამიტომ, პრევენციას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორც სასურველი შედეგის მიღების, ისევე, ფინანსური თვალსაზრისითაც.’’

მისივე თქმით, რეპროდუქციული ფუნქციის სრულყოფილად განხორციელება მრავალ გარეგან და შინაგან, ასევე ნერვულ-ჰორმონულ ფაქტორებზეა დამოკიდებული.

,,რეპროდუქციული ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად უნდა გატარდეს კომპლექსური ღონისძიებები, მაგრამ, უპირველესად, სკრინინგი. ამ საკითხზე განათლების მხრივ ჩვენთან სერიოზული ხარვეზებია, რადგან არ არსებობს ინსტიტუცია. რაც შეეხება სერვისების ხელმისაწვდომობას, სკრინინგი გაცილებით იაფია, ხოლო, რაც შეეხება უკვე ამა თუ იმ პათოლოგიის კორექციას, იგი უკვე შედარებით მეტ ფინანსურ სახსრებს მოითხოვს,’’- აცხადებს გოჩა შავგულიძე.

ექიმი დავით ღონღაძე აღნიშნულ საკითხზე ახალგაზრდების არაინფორმირებულობას, სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ არასაკმარის ღონისძიებებს უკავშირებს.

მისი თქმით, თუკი რაიმე საინფორმაციო აქცია ან ღონისძიება ტარდება, ის, როგორც, წესი ქალაქის მოსახლეობის მცირე ნაწილს მოიცავს, რაც არასაკმა-რისია ინფორმაციის გავრცელებისთვის. მისივე განმარტებით, თავის მხრივ, ეს განპირობებულია იმით, რომ ამ კუთხით განათლების დონის ამაღლების მოვალეობა თავის თავზე საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს აქვთ აღებული, მათ კი, მხოლოდ მცირე ჯგუფებზე მიუწვდებათ ხელი.

,,გარდა ამისა, ინფორმაციის ნაკლებობას ხელს უწყობს ასევე საზოგადოებაში გაბატონებული შეხედულებებიც. ეს ეხება სქესობრივ განათლებას, გენდერულ სამართლიანობას, ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულებასა და ბევრ სხვა საკითხს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. ჯერ კიდევ ძლიერია საზოგადოებაში შეხედულება, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემები, ხალხში უშვილობას რომ არქმევენ, ქალის პრობლემაა და ხშირად ექიმთან მისვლაზე მამაკაცები უარს აცხადებენ. როცა ადამიანების სქესობრივი განათლების აუცილებლობაზე იწყებს ვინმე საუბარს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ საზოგადოების და ახალი თაობის გახრწნა უნდა ვინმეს. არადა სქესობრივი ცხოვრება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და მას თავისი წესი და ჰიგიენა აქვს. ოჯახების უმეტესობაში ეს ტაბუირებული თემაა. გოგონებს, როგორც წესი, ესაუბრებიან მხოლოდ ისეთ ელემენტარულ საკითხებზე, რომლებიც მათ ფიზიოლოგიას ეხება, ვთქვათ მენსტრუალურ ციკლზე. ეს კარგია, მაგრამ ამის იქით უკვე რეპროდუქციული განათლების თვალსაზრისით ინფორმაციას არ აწვდიან,’’- აცხადებს დავით ღონღაძე.

ექიმის განმარტებით, იმისთვის, რომ მომავალი თაობა მეტად ინფორმირებული იყოს, აუცილებელია საჯარო სკოლებში მოზარდების ასაკისთვის შესაფერისი ფორმით ინფორმაციის მიწოდება, თუმცა, მისი აზრით, ეს საკმარისი არ არის.

-,,სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებასაც და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ადამიანები, როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანების ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდებიან. ჩემი აზრით, ცალკე ახალგაზრდების ჯგუფის გამოყოფა და მათთვის ინფორმაციის ისე მიწვდა, არაეფექტურია, რადგან სასწავლო კურსების უმეტესობა შედგენილია ისე, რომ მოკლე დროში მოხდეს ინფორმაციის მიწოდება. ამას კი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მოკლევადიანი სასწავლო კურსებით ბევრი ადამიანის დაინტერესება შეიძლება, მაგრამ ისინი იძლევიან ბუნდოვან წარმოდგენებს სწავლების საგანთან დაკავშირებით. ჩვეულ გარემოში, ოჯახებში, სამეგობროში, უბანში დაბრუნების შემდეგ, ეს წარმოდგენები კონკურენციას ვერ უწევენ ჩვევებს, გამყარებულ მცდარ შეხედულებებს და ეძლევიან დავიწყებას, ამიტომ მარტო ახალგაზრდებთან კი არა, მუშაობა უნდა მიდიოდეს ყველა სოციალურ და ასაკობრივ ჯგუფთან. ეს უნდა იყოს სტრუქტურირებული, მომზადებული შეხვედრები, რომელზეც ფორმალური, ზედაპირული საუბარი კი არ იქნება იმაზე, თუ ,,რა კარგია ოჯახი”, ,,ოჯახი სახელ-მწიფოს საყრდენია” და ა.შ, არამედ განიხილება კონკრეტული თემები, როგორიც არის ჯანმრთელობის საკითხები.’’

თელაველ მაია წიგნაძის თქმით, მომავალ მშობლებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ჯანსაღი ქცევების ჩამოყალიბებას.

-,,სანდო ინფორმაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობა ყველა ადამიანის უფლებაა, ამიტომ, საჭიროდ მივიჩნევ, როგორც ქალაქად, ასევე სოფლად ახალგაზრდების საკმარისი დოზით ინფორმაციის მიწოდებასა და განათლებას, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები და აღვზარდოთ ჯანსაღი მომავალი თაობა.’’

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორ მაია ფურცხვანიძის თქმით, ინფორმაციის ნაკლებობის შედეგად შეიძლება, წარ-მოიქმნას პრობლმები, როგორიც არის დაუცველი სექსუალური ურთიერთობები, რის დროსაც ახალგაზრდები ან ინფიცირდებიან, ან სრულდება ეს ყველაფერი არასასურველი ორსულობით.

– ,,ეს პრობლემები შემდეგ მათში იწვევს, როგორც ფიზიკურ, ასევე, მორალურ ტრავმასაც, იმიტომ, რომ მათი მზაობა და პასუხისმგელობა იმ დონემდე არ არის, გაუმკლავდნენ ამ დიდ ტვირთს. მეორე შედეგი, რაც შეიძლება იქნეს გამოწვეული, ეს არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, რომელთა პრევენცია რთულია. ამ ყველაფერს ადასტურებს კვლევები და მისი თავიდან არიდების გზები არის განათლება, რომელიც უნდა იყოს ყოველმხრივი. ამ ყველაფერში კი, მნიშვნელოვანია ოჯახისა და მშობლის როლი, მაგრამ იმისთვის, რომ დედამ ან მამამ მოზარდს საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს, მასაც უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ამიტომ იქ, სადაც მოსახლეობა ხშირად მიდის, მაგალითად, ოჯახის ექიმთან ან ამბულატორიაში, საუბარი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უნდა იმართებოდეს, ექიმი პაციენტს უნდა უხსნიდეს, პედაგოგი – მოსწავლეს, მშობელი – შვილს და მედია – საზოგადოებას.’’