რას გულისხმობს გენდერული თანასწორობა და როგორ ესმით ეს ადგილობრივ ახალგაზრდებს
ახალგაზრდების მოსაზრებით, საქართველოში ქალთა უფლებები ნაკლებად არის დაცული. თელავში მცხოვრები 19 წლის ეკა კევლიშვილის აზრით, გენდერული თანასწორობა გულისხმობს ქალისა და მამაკაცის უფლებებისა და ამავდროულად მოვალეობების თანაბარ განაწილებას.
-,,ქალის უფლებები დღეს ნაკლებად არის დაცული და ძალადობის ფაქტები სწორედ ამიტომ გახშირდა. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას იმ ორგანოებისა და დაწესებულებების შესახებ, რომლებსაც მათი დახმარება შეუძლია.’’
„გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, 2013 წელს ჩატარდა კვლევა, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებს ეხება. კვლევის ფარგლებში პირისპირ ჩაიწერა 1760 ინტერვიუ მთელი საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული კვლევა ჩატარდა 16 ფოკუსჯგუფთან, ქალაქისა და სოფლის მცხოვრებ ქალებთან, მათ შორის – 8 ჯგუფთან კახეთში.
,,გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე: ქალის ფუნქციაა შვილების მოვლა და აღზრდა, საშინაო საქმეების კეთება, ხოლო კაცის – ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა, ასევე, ქალი ქმრის მორჩილი უნდა იყოს და სხვადასხვა ასპარეზზე კაცს ლიდერის პოზიცია დაუთმოს. კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა (63%) მიიჩნევს, რომ კარგი ცოლი უნდა დაემორჩილოს მეუღლეს, მაშინაც კი, როდესაც არ ეთანხმება მას. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს ქალების 56% და მამაკაცების 72%, ასევე, რესპონდენტების საკმაოდ დიდი ნაწილი (44%) ეთანხმება დებულებას, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანია, კაცმა აჩვენოს ცოლს, პარტნიორს, ვინ არის სახლში უფროსი. ამ შემთხვევაშიც უფრო მეტი კაცი (54%) აფიქსირებს პოზიტიურ პასუხს ქალებთან შედარებით (35%)’’, – აღნიშნულია კვლევაში.
ექსპერტების თქმით, სახელმწიფომ გენდერული საკითხის მიმართ დამოკიდებულება უნდა გაამკაცროს, ყურადღება მიექცეს ქალისა და მამაკაცის როლებს, მოვალეობებს, მოთხოვნილებებს, პოტენციალს და ა.შ, რაც აუცილებელი პირობაა საზოგადოების განვითარებისათვის.
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის კახეთის რეგიონული კომიტეტის წარმომადგენლის, ექსპერტის გენდერის საკითხებში, ჯილდა ნიბლაძის თქმით, პრობლემა ქალებშიც არის, რადგან ფიქრობენ, რომ ქმრებს უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ:
-,,ბევრი ქალი ფიქრობს, რომ ვალდებულია, იჯდეს სახლში, შვილები ზარდოს, სახლი დაალაგოს, ქმარს მომზადებული საჭმელი დაახვედროს, მოემსახუროს და დაემორჩილოს ქმარს.‘’
ჯილდა ნიბლაძის განმარტებით, ქალთა უფლებები ქალაქშიც და სოფელშიც ერთნაირად ირღვევა. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის კახეთის რეგიონული კომიტეტის ინფორმაციით, ორი წლის წინ კახეთში ფიზიკური ძალადობის 166 ფაქტი დაფიქსირდა. წელს ეს რიცხვი გაზრდილია, რადგან კახეთის რეგიონში სექტემბრიდან დღემდე ოფიციალურად ქალზე ძალადობის 68 შემთხვევაა დაფიქსირებული:
-,,ქალთა უფლებები ირღვევა ყოველდღიურად, ძალიან ბევრი ქალია ძალადობის მსხვერპლი. მათი დიდი ნაწილი კი, მალავს ძალადობის ფაქტს, რადგან ჰგონიათ, ეს სირცხვილია. მსგავსი ფაქტები საზოგადოებაში არ უნდა იყოს ტაბუდადებული.’’
გურჯაანელი 17 წლის ლევან ყანდიაშვილი აღნიშნავს, რომ, მისი აზრით, ოჯახში მამაკაცის კულტი შეუცვლელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამაკაცმა ქალის უფლებები დაარღვიოს.
-,,ოჯახში ამ პრინციპის დაცვა ოქროს შუალედის პოვნას უდრის. ძნელია, თუმცა – შესაძლებელი. ვფიქრობ, ყოველთვის იყო ქალებზე ძალადობა, უბრალოდ, დღესდღეობით მეტად ჩანს, რაც ნიშნავს, რომ ქალებმა ხმა აიმაღლეს უსამართლობის წინაშე. მე და ჩემი მეგობრები ვფიქრობთ, რომ მამაკაცი ყოველთვის უნდა რჩებოდეს იმ ძლიერ არსებად, რომელიც რთულ სიტუაციებში პასუხისმგებლობის თავისთავზე აღებას შეძლებს. ეს ქალისთვისაც სასიამოვნოა, მით უმეტეს, თუ ის მართლმადიდებელია.”
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრის’’ დირექტორ ელენე რუსეცკაიას თქმით, ორგანიზაცია ქალთა უფლებების დაცვის და მათი გაძლიერების კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს და მუშაობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, მათი პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის კუთხით. ელენე რუსეცკაიას აზრით, იმისთვის რომ ოჯახში ძალადობის ფაქტები შემცირდეს, სახელმწიფო კომპლექსურად უნდა უდგებოდეს ამ საკითხს. აღნიშნულ პროცესში კი, უნდა იყვნენ ჩართულები არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, არამედ განათლების, ჯანდაცვის, სასჯელაღსრულების სამინისტროები, რათა ერთიანი სტრატეგია შემუშავდეს და, რაც მთავარია, შემდგომ იმპლემენტაციაზე – მონიტორინგი.
-,,საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასთან ერთად, ქვეყნის ინფრასტრუქტურაც უნდა მოერგოს, როგორც ეროვნული კანონმდე-ბლობით, ისე – საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გარდა ოჯახში ძალადობისა, აუცილებლად მიმაჩნია ბრძოლა ზოგადად ბოლო დროს გახშირებულ ქალთა მკვლელობასთან და, ვფიქრობ, რომ მაშინ, როცა 10 თვის განმავლობაში ქვეყანაში 20-ზე მეტი ქალია მოკლული, აუცილებელია, ფემიციდი მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებად იქნეს მიჩნეული. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ ქალთა უფლებებისა თუ გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია დაბალანსებულად მიეწოდოს, ანუ ისე, რომ ამან არ გამოიწვიოს დამატებითი აგრესია მოსახლეობაში. ‘’
თელავში მცხოვრები 19 წლის გიორგი დოლმაზაშვილის აზრით, საქართველოში საზოგადოება გენდერის საკითხებს არასათანადოდ განიხილავს, ქალს ყოველთვის უკანა პლანზე სწევენ. მისი თქმით, ეს ქართული მენტალიტეტის ბრალია და მისი შეცვლა ძალიან რთულია.
-,,რაც შეეხება ქალებზე ძალადობის გახშირებულ ფაქტებს, ეს განაპირობა გარემო ფაქტორებმა. ადამიანის უფლებები არ არის საკმარისად დაცული და მით უმეტეს – ქალის. ეს ყველაფერი აგრესიულ მამაკაცს ქალთან მიმართებით თავისუფალი მოქმედებისთვის ბიძგს აძლევს.’’
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ლევან სიდამონიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქალის როლი და მისი საზოგადო აქტიურობის მაჩვენებელი საკმაოდ გაზრდილია, არის შემთხვევები, როდესაც მათი უფლებები სასტიკად ირღვევა და, უფრო მეტიც, მათზე ფიზიკური ძალადობა ხდება, იშვიათად, მაგრამ მაინც საქმე მკვლელობამდეც მისულა.
-,,ქალზე ძალადობის, როგორც ფაქტების რაოდენობა კი, არ გახშირდა, არამედ იმ ფაქტებმა დაიწყო გამომჟღავნება, რომელიც დიდი ხანია, უკვე ოჯახებში ხდება, მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო, როგორც ამას მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უწოდებენ, ვერ ბედავდნენ ამაზე საუბარს, „ისინი ხომ ოჯახის შენარჩუნებას ცდილობდნენ“, იმ ოჯახის, რომლის დანგრევაც გარდაუვალი იყო. დღეს ქალთა უმრავლესობა მოეგო გონს და ძალადობის ფაქტებზე ალაპარაკდნენ, სწორედ ამიტომ მოიმატა ძალადობის მაჩვენებელმა ქვეყანაში.’’
ექსპერტების თქმით, გენდერული სტერეოტიპი არის საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულება რომელიმე ჯგუფის წარმომადგენლების შესახებ და ხშირად არ შეესაბამება სინამდვილეს. სტრეოტიპები იცვლება კულტურასა და დროში. სოციალურად მიღებული ქცევა ქალისა და მამაკაცისათვის განსხვავებულია, რასაც ბავშვობიდანვე უნერგავენ ოჯახში, ხოლო შემდგომ განამტკიცებენ ისეთი სოციალური ინსტიტუტები, როგორებიცაა: სკოლა, მედია, საკანონმდებლო დაწესებულებები და სხვა. კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდები, ექსპერტების მსგავსად, ქალებზე ძალადობის გახშირებულ ფაქტებს საზოგადოებაში მყარად დამკვიდრებულ სტერეოტიპებს უკავშირებენ. ახალგაზრდების ერთი ნაწილის თქმით, აღნიშნული კუთხით განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სოფლებშია, სადაც ოჯახში ქალზე ძალადობა ჩვეულებრივი და მისაღები მოვლენაა.
,,სტერეოტიპები ახალგაზრდებში ნაკლებად არის დამკვიდრებული, თუმცა მათი ის ნაწილი, რომელიც სოფელში ცხოვრობს, ამ საკითხებზე არასწორად ფიქრობს. ეს იმის ბრალია, რომ არ არიან ინფორმირებულები და კარგი იქნება მათთვის თემატური ტრენინგების ჩატარება,’’ – ამბობს გურჯაანში მცხოვრები 17 წლის ლევან ყანდიაშვილი.
გურჯაანში მცხოვრები 17 წლის ნინო, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, აცხადებს, რომ გენდერის საკითხებზე სტერეოტიპულ მიდგომასთან დაკავშირებით, ახალგაზრდებში პროგრესია.
-,,ჩვენ ახალგაზრდები ამ საკითხს სხვანაირად ვუყურებთ. ძველი თაობის ხალხი კი, მათ შორის, ქალებიც იმას ფიქრობენ, რომ მამაკაცმა უნდა განკარგოს ოჯახი და ის მხოლოდ ქმრის ნება-სურვილს უნდა დაემორჩილოს. ვფიქრობ, ამ სტერეოტიპის დამსხვრევას დრო სჭირდება.’’
19 წლის ეკა კევლიშვილის აზრით კი, მის გარშემო ყველა აღნიშნავს, რომ ქალზე ძალადობა არ არის გამართლებული და ისინი ამას არასდროს გააკეთებენ, მაგრამ კონკრეტული ფაქტების დამალვით, ვერ ხვდებიან, რომ ამ პროცესის თანამონაწილენი არიან.
-,,ქალზე ძალადობა მხოლოდ მისი ფიზიკური შეურაცხყოფა არაა. ბევრ ქალს ჩემ გარშემო არ აქვს უფლება, იყოს წარმატებული, იმუშაოს და ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი. მათი უფლება მხოლოდ სახლის საქმეები და შვილების გაზრდაა. ამ სტერეოტიპის დანგრევა, ჩემი აზრით, ისევ ქალებმა უნდა შეძლონ. მათ შესწევთ ძალა და უნარი იმის, რომ ხმა აიმაღლონ და ყველას გააგებინონ, რომ არ ეშინიათ, აქვთ უფლება, იყვნენ ქალები და არა მხოლოდ დიასახლისები. დღესდღეისობით საზოგადოებაში ძალიან ბევრი სტერეოტიპია, რაც ახალგაზრდებში აყალიბებს არასწორ შეხედულებებსა და აზროვნებას. თუ გვინდა, რომ ეს სტერეოტიპები დავამსხვრიოთ, ყველამ, პირველ რიგში, თავისი თავიდან უნდა დაიწყოს. ‘’
თელაველი ლევან სიდამონიძე ფიქრობს, რომ სტერეოტიპულ მიდგომასთან დაკავშირებით, რეგიონებში და პატარა ქალაქებში საქმე რთულად არის. რაც შეეხება დიდ ქალაქებს კი, მისი თქმით, ძალადობის ფაქტები აქაც ფიქსირდება, თუმცა ნელ-ნელა ადგილს იმკვიდრებს ცნობიერების ამაღლების ტენდენცია, რაც ხელს უწყობს ქალზე ძალადობის ფაქტების შემცირებას.
-,,საზოგადოებაში ხშირად მოისმენთ: ქალი არ უნდა მუშაობდეს, მისი ადგილი სამზარეულოშია, ქალმა ბავშვები უნდა გაზარდოს და ა.შ. როგორ უნდა დარჩეს ქალი სახლში, როდესაც მათი მეუღლეების უმრავლესობა უმუშევარია და თვითონ ამ ქალებს უწევთ ოჯახის რჩენა. ჩემი აზრით, ამიზს მიზეზი არის ის, რომ თვითონ ქალები აძლევენ თავიანთ მეუღლეებს ამის საშუალებას და უქმნიან კომფორტს. სწორედ ამიტომაა, რომ ოჯახში არა თუ არ არის გენდერული ბალანსი, არამედ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მონას¬თან არის გაიგივებული. ხშირად ძალადობაც ამიტომ ხდება. ქმარს არ აქვს საქმე და ცდილობს, თავისი ენერგია, ბოღმა და ღვარძლი სუსტი სქესის წარმომადგენელზე ამოანთხიოს.’’