“კახეთის ენერგოდისტრიბუცია” მიმდინარე დავალიანებებს ისტუმრებს
კომპანიის ცნობით, პროგრამა საშუალო ვადიან გეგმაზეა გაწერილი და საკუთარი შემოსავლებით ისინი ქსელის მოდერნიზების და ქსელის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებენ.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ჯერ კვლავ გაკოტრების რეჟიმშია, მათ უკვე მიაღწიეს იმ მაჩვენებლებს, რომ რეაბილიტაციის რეჟიმში გადაყვანის საკითხი დადგეს.
კომერსანტის ინფორმაციით, კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ როდისთვის მოესწრება მათი რეაბილიტაციის რეჟიმში გადაყვანა, თუმცა აღნიშნავენ, რომ შესაბამის პირობებს ყველა პარამეტრით უკვე აკმაყოფილებენ – ვალებს აღარ იგროვებენ და მიმდინარე დავალიენებებს ემსახურებიან.
ამასთან, მათივე ცნობით, კომპანია თავისი შემოსავლებით ქსელში ტექნიკურ სამუშაოებს და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.
მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით კი “კახეთის ენერგოდისტრიბუცია”, მომწოდებლების მიმართ 4.5 მილიონის დავალიანებას მოემსახურა და ფაქტობრივად მიმდინარე დავალიანება კომპანიას აღარ აქვს.
რაც შეეხება კომპანიის გაყიდვას, რაზეც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი საუბრობდა, კომპანიაში ამაზე კომენტარს ვერ აკეთებენ, რადგან საკითხი იუსტიციის და ენერგეტიკის სამინისტროების დონეზე წყდება, თუმცა აღნიშნავენ, რომ გაყიდვაზე მუდმივად არის საუბარი.
წესით, სემეკის ინფრმაციით, კახეთის ენერგოდისტრიბუციის ტარიფი საინვესტიციო გეგმის თანხების გათვალისწინებით 2015 წლის 1 იანვარს უნდა შეეცვალოს, რისთვისაც კომპანიას მარეგულირებელში განცხადება არაუგვიანეს 3 თვით ადრე უნდა შეეტანა.
თუმცა, ჯერ–ჯერობით ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით სემეკში განცხადება არ არის შესული, რასაც კომპანიაშიც და სემეკშიც ადასტურებენ.
მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ტარიფი „ენერგოპროს“ აბონენტებს შეეცვალა, თბილისისთვის ჯერჯერობით ტარიფი იგივე რჩება, რადგან მასთან ხელშეკრულება ძველ მთავრობას 2025 წლამდე აქვს გაფორმებული, ხოლო კახეთისთვის ტარიფი 2015 წლის 1 იანვრიდან უნდა გადახედილიყო.
ასევე, სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა ეჭვქვეშ აყენებდა კახეთისთვის სუბსიდირებასაც, როდესაც დადგინდება თუ რა რეალური ხარჯია მის ტარიფში.