ფარული მოსმენების საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა შსს-ს დარჩა
ბესელია-ფოფხლაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში დამტკიცებული პროექტების გამოქვეყნებისთანავე, ძალაში შედის “ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, ფარული საგამოძიეობო მოქმედებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს – შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს უფლება ექნება: ჰქონდეს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, სასადგურე აპარატურიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა და ამ მიზნით კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან, საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ განათავსოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა და სხვა სათანადო აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. რეალურ დროში ინფორმაციის მოპოვების შემდგომ ღონისძიებებს “ოტო” განახორციელებს უშუალოდ, სასამართლო განჩინების ან პროკურორის მოტივირებული დადგენილების საფუძველზე. გარდა ამისა, “ოტო” უფლებამოსილი ხდება განახორციელოს კავშირგაბმულობის არხში არსებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და მათი შენახვა ორი წლის ვადით. ამ შემთხვევაში კავშირგაბმულობის არხიდან, კოპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შემდგომ, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს შსს-ს ეს სამსახური ახორციელებს აღნიშნულ კოპირებულ მონაცემთა ბანკებიდან, სასამართლოს განჩინების ან პროკურორის მოტივირებული დადგენილების საფუძველზე.
ამავე პაკეტით მიღებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ე.წ. ორეტაპიანი ელექტრონული კონტროლის მექანიზმი. კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესში, “ელექტრონული თანხმობის გაცემით”, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ერთვება. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით საპარლამენტო დებატების დროს რამდენჯერმე აღინიშნა, რომ ფარულ საგამოძიებო პროცესში ინსპექტორის, როგორც გარე კონტროლის განმახორციელებელი სუბიექტის უფლებამოსილებები “ისპობა” და ის პროცესის უშუალო მონაწილე ხდება.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული პაკეტით, ინსპექტორის მონაწილეობით ორსისტემიანი ელექტრონული კონტროლი მხოლოდ ფარული სატელეფონო კომინიკაციის მიყურადებაზე განხორციელდება. რაც შეეხება კომპიუტერულ და ინტერნეტკომუნიკაციის კონტროლს, პროექტი ამ მიმართულებით ორსისტემიანი კონტროლის გავრცელებას არ ითვალისწინებს.