ყვარელში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო შეხვედრას გამართავს
შეხვედრის მიზანია საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს დამტკიცებული და მთავრობაზე განსახილველად წარდგენილი სამოქმედო გეგმის განხორციელების და შეფასების მექანიზმებისა და სამინისტროების მიერ 2015 წლისათვის დაგეგმილი პროექტების განხილვა.
სამოქმედო გეგმა 2014-2020 წლებზეა გათვლილი. ამასთან, გათვალისწინებულია მისი შეფასება ყოველწლიურად და ცვლილებების შეტანა 2 წელიწადში ერთხელ, ვითარების შეცვლის ან სამოქმედო გეგმის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების წარმოქმნის შემთხვევაში.
საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის სამოქმედო გეგმა (შემდგომში – „სამოქმედო გეგმა“) მთავარი ინსტრუმენტია ახალგაზრდული პოლიტიკის სისტემური და მდგრადი განვითარებისთვის. ის მოიცავს ახალგაზრდული პოლიტიკის ყველა კომპონენტს, კონკრეტულ და დროში გაწერილ პროგრამებს, პროექტებსა და ღონისძიებებს, რომელთაც უნდა უზრუნველყონ ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება.
შეხვედრა 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს, ქალაქ ყვარელში, სასტუმრო „როიალ ბატონში“, გაიმართება.