ადგილობრივი თვითმმართველობების აპარატებში შტატები იზრდება
პარლამენტის თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ შტატების გაზრდის აუცილებლობა პრაქტიკამ აჩვენა და ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა რაიონების მუნიციპალიტეტებში.
,,ხშირ შემთხვევაში რაიონების გამგეობებს იმ ადგილებში, სადაც მუნიციპალიტეტები დაშორებულია სოფლებს, არ ჰყოფნით ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ კონკრეტული პრობლემა გადაწყვიტონ,”- აცხადებს ჟორჟოლიანი.
ცვლილების მიხედვით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 45 000 კაცზე ნაკლებია, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 საშტატო ერთეულს დამატებული შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 3.2 კოეფიციენტზე ნამრავლს და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 450 ამომრჩეველზე ერთ საშტატო ერთეულს.
იმ მუნიციპალიტეტებში კი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 45 000 კაცზე მეტია, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობის 30 საშტატო ერთეულს, დამატებული შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 2.3 კოეფიციენტზე ნამრავლს და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთ საშტატო ერთეულს.
გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების აპარატებში შტატების გაზრდა ბიუჯეტში დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს და დამატებითი შტატებისთვის გამოყოფილი თანხები სხვანაირად გადანაწილდება.