არასათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში, პატრონს შინაურ ცხოველს ჩამოართმევენ
კანონპროექტი ცხოველების უფლებების დაცვას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მკაცრდება ცხოველზე ძალადობის შემთხვევაში სასჯელიც.
არასამთავრობოების მიერ შემუშავებული კანონის პროექტის თანახმად, მაწანწალა ცხოველებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ენიჭება, სწორედ სახელმწიფო იქნება ვალდებული მოუაროს უპატრონო ცხოველებს, გაასტერილოს და დაიცვას ისინი ძალადობისგან.
გამოუვალ შემთხვევებში, რომელშიც შედის ცხოველის მძიმე და განუკურნებელი დასნეულება, მთავრობას მისი უმტკივნეულოდ დაძინების საშუალება ეძლევა.
სტრატეგიის მიხედვით, დარეგულირდება იმ პირთა საქმიანობაც, რომლებიც ცხოველების გამრავლების ბიზნესში არის ჩართული, მათ სპეციალური ლიცენზიის მოპოვება დასჭირდებათ.
ამავე კანონთან ერთად ამოქმედდება კიდევ ერთი ახალი ინიციატივაც. აღნიშნულის მიხედვით, თუ შინაური ცხოველი ქუჩას ფეკალური მასით დააბინძურებს და პატრონი მას არ დაასუფთავებს, 50 ლარით დაჯარიმდება.
ცხოველთა კეთილდღეობის ეროვნული სტრატეგიაზე მუშაობას პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დოკუმენტს უახლოეს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს.