ახალი ამბები

ასოცირების შეთანხმება მღოლებისთვის ევროპული სამუშაო პირობების შექმნას მოითხოვს

მძღოლებმა 30 წუთი უნდა დაისვენონ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო საათები ექვსიდან ცხრა საათს შეადგენს. 
თუ სამუშაო დრო გაგრძელდა ცხრა საათზე მეტ ხანს, მაშინ მძღოლისთვის გათვალისწინებულია მინიმუმ 45 წუთიანი შესვენება. შესვენების დრო შესაძლოა მინიმუმ 15 წუთიან პერიოდებად დაიყოს. ასოცირების შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებას ავალდებულებს, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქართველი მძღოლებისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამუშაო პირობები დააკანონოს.

ევროკავშირში მძღოლებისთვის ყოველკვირეული სამუშაო დროის საშუალო ხანგრძლივობა 48 საათს არ აღემატება. ყოველკვირეული სამუშაო დროის მაქსიმალური ხანგრძლივობა 60 საათამდე გრძელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასული ოთხი თვის განმავლობაში მძღოლი ყოველ კვირა საშუალოდ 48 საათი მუშაობდა.

თუ მძღოლს მუშაობა ღამითაც მოუწევს, მაშინ მას უფლება აქვს, 24 საათში მხოლოდ 10 საათი იმუშაოს. ღამით მუშაობის ანაზღაურების პირობები წინასწარი მოლაპარაკებით განისაზღვრება. ევროპული სტანდარტით ღამით მომუშავე მძღოლს უნდა ჰქონდეს სათანადო ანაზღაურება იმისთვის, რომ იყოს მოტივირებული და საფრთხე არ შეუქმნას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.