თესაუში თანამშრომლებს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ეზღუდებათ
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ გუშინ გამართულ სხდომაზე სპეციალური დადგენილება მიიღო. დადგენილება ფაკულტეტის თანამშრომლებს ავალდებულებს, თავი შეიკავონ სოციალურ ქსელებში აკადემიური პერსონალის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გავრცელებისაგან. უმაღლესი სასწავლებლის შინაგანაწესიც უნივერსიტეტის პერსონალს სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელების მხრივ გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს. თესაუ-ს შინაგანაწესის მე-4 მუხლის 11.6 პუნქტის მიხედვით, პერსონალი ვალდებულია, თავი შეიკავოს უნივერსიტეტის თანამშრომლების ან ხელმძღვანელების წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში, ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში დაუსაბუთებელი ბრალდების ან ცილისმწამებლური განცხადების გავრცელებისგან, რაც შეიძლება შეფასდეს უმაღლესი სასწავლებლის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად.
გუშინ გამართულ სხდომაზევე ფაკულტეტის საბჭომ იმსჯელა პროფესორების ყოველ საათში ერთხელ ტაბელური აღრიცხვის შესახებ.
ფაკულტეტის საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყოველ სრულ საათზე უნივერსიტეტში ყოფნის სპეციალურ უწყისში ხელმოწერით დადასტურება აკადემიური პერსონალისათვის არ იყო მიუღებელი და დეკანატის მხრიდან ზეწლას ადგილი არ ჰქონია.
„ყოველ საათში ხელმოწერა არ წარმოადგენდა სავალდებულო მოთხოვნას. თუმცა, ზოგიერთი პროფესორის მხრიდან ხელმოწერა იმის დასტურად, რომ სამუშაო საათების განმავლობაში ნამდვილად იმყოფებოდა უნივერსიტეტში, მისი უფლებაა“, – აღნიშნულია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ თესაუს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა ორჯერ გაიმართა. knews.ge-ს სანდო წყარომ აცნობა, რომ სხდომაზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, თეა მჭედლურს პროფესორებისათვის უნდა მოეთხოვა ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, რომელშიც დაადასტურებდნენ, რომ 9:00-დან 15:00 საათამდე, ყოველ სრულ საათზე, სპეციალურ უწყისში საკუთარი ნებით აწერდნენ ხელს. ფაკულტეტის დეკანმა თეა მჭედლურმა საბჭოს პირველ სხდომაზე knews.ge-ს ჟურნალისტს დასწრების შესაძლებლობა არ მისცა. ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ჩაშლის თავიდან აცილების მიზნით, ჟურნალისტმა დატოვა სხდომა, რომელიც ისივ რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა მაინც ჩაიშალა. knews.ge-მ გაარკვია, რომ თეა მჭედლურმა პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი სხდომის ჩატარების შესახებ ჟურნალისტის ინფორმირებაში დაადანაშაულა. მჭედლურის ბრალდებას ელიზბარაშვილის მხრიდან მოჰყვა მკვეთრი რეაქცია. სხდომის ჩაშლიდან დაახლოებით ერთ საათში კვლავ ჩატარდა ზუსტ და საბუნებიმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა, რომელსაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეაქტორი ავთანდილ ღელაღუტაშვილი მისი მრჩეველი, თეიმურაზ ვახტანგიშვილი და თანაშემწე, ნელი ჯავახიშვილი ესწრებოდნენ. ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მხოლოდ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე მიმდინარეობდა პროფესორების საათობრივი აღრიცხვა. პროფესრ-მასწავლებლები 9:00 -დან 15 საათამდე უმაღლეს სასწავლებელში ყოფნას ყოველ სრულ საათზე სპეციალურ უწყისში ადასტურებდნენ. მას შემდეგ, რაც პროფესორების ტაბელური აღრიცხვის შესახებ გაზეთმა “კახეთის ხმამ” სტატია გამოაქვეყნა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების საათში ერთხელ აღრიცხვა აღარ მიმდინარეობს.