“ფარული მოსმენების საკითხის გადაწყვეტაზე პარლამენტის დამოკიდებულება საგანგაშოა”
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონი საკანონმდებლო ორგანომ ორ კვირაში უნდა მიიღოს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ შეხვედრის ორგანიზების თხოვნით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, პარლამენტი კანონის საფუძველზე შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეკრებას არ ჩქარობს.
“კამპანიაში “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგაშოდ მიიჩნევენ საქართველოს პარლამენტის დამოკიდებულებას ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომის საკითხის გადაწყვეტის მიმართ. უკვე 2 კვირაში პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომის რომელ სისტემას აირჩევს ქვეყანა და ვის ხელში გადავა ე.წ „გასაღები“. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ შეხვედრის ორგანიზების თხოვნით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი არ ჩქარობს კანონის საფუძველზე შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეკრებას, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საკითხის დადგენილ ვადაში გადაწყვეტა კვლავ ვერ მოხერხდება. კამპანიაში „ეს შენ გეხება ისევ გვისმენენ“ გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ფარულ მიყურადებებზე პირდაპირი წვდომის საკითხთან დაკავშირებით. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უმოკლეს ვადაში დანიშნოს სპეციალური საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრა, რათა განახლდეს მუშაობა და საბოლოოდ მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას” – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.
ცნობისთვის ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომის გადაწყვეტაზე კანონპროექტის წარდგენის ვადა 20 ნოემბერს იწურება. “ელექტორონული კომუნიკაციების შესახებ” კანონზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შემდეგ, პარლამენტს კანონპროექტში ცვლილებების შეტანა და ფარულ მიყურადებაზე პირდაპირი წვდომის საკითხის გადაწყვეტა დეკემბრამდე დაევალა.