კახეთიდან 1500 მოქალაქე ნაციონალური მოძრაობის აქციაში მიიღებს მონაწილეობას
ნაციონალური მოძრაობის თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ მათი მხარდამჭერების მობილიზება და ორგანიზება ნაკლებად ხდება.
ბოტკოველის თქმით, გუშინ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ მიკროავტობუსების მძღოლების დაშინების გამო ისინი ხალხის მობილიზებას ვერ მოახერხებენ და აქციაზე დასასწრებად ყველა მსურველს თავად მოუწევს წასვლა.
,,გუშინ კარდაკარ ჩამოიარეს და ყველას, ვისაც მიკროავტობუსი ჰყავდა, უთხრეს, არ წავეყვანეთ. ჩვენ გვყავს მსუბუქი ავტომობილები და ამით შევძლებთ წასვლას. მათ, ვისაც წამოსვლა უნდა და ტრანსპორტის გამო ვერ მოდის, შეგვიძლია წავიყვანოთ. 11:30 საათზე თელავიდან გავალთ და აქციას შევუერთდებით”, -განუცხადა knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა.
ბოტკოველის ვარაუდით, კახეთიდან დაახლოებით 1500 აქტივისტი მიიღებს მონაწილეობას დღევანდელ აქციაში.
,,გვაბრალებენ, რომ ხალხის წასაყვანად ფულს ვხარჯავთ, მაგრამ ეს არის ტყუილი,”- აცხადებს ბოტკოველი.
წინასწარი ინფორმაციით, აქციას “აფხაზთა კრება” და რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაციაც უერთდება. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, დღევანდელ აქციაზე მისული საზოგადოება, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის მცდელობას და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს გააპროტესტებს.
“აქციის მიზანია როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ხმის მიწვდენა, რომ საქართველო არასდროს შეეგუება აფხაზეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას”, – განაცახდა ნაციონალური მოძრაობის თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. აქციის მოინაწილეები 16:00 საათზე ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათიდან რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე მოძრაობა სრულად გადაიკეტება. უწყების განმარტებით, მოძრაობა, ასევე, შეიზღუდება რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე გამომავალ და მიმდებარე ქუჩებზე. გარდა ამისა, ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება თავისუფლების მოედანზეც.