კახეთში ფერმერები საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ
წნორში ფერმერთა შეხვედრაზე ფხოველიშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს რაიონის ნაწილი, ძლიერი გვალვის გამო მოსავლის გარეშე დარჩა, ათეულობით ჰექტარზე კი მთლიანად განადგურდა ხორბლის და მზესუმზირის კულტურები.
მისი თქმით, დახმარების მოთხოვნით ხელისუფლებას არაერთხელმიმართა თუმცა უშედეგოდ:
,,არაერთხელ მივმართეთ ხელისუფლებას, რომ ეს რაიონები სტიქიური უბედურების ზონად გამოეცხადებინა, მინიმუმ ერთი წლით გადაევადებინათ ფერმერებისთვის მიწის ქონების გადასახადი, თუმცა ფერმერების პრობლემას არავინ აქცევს ყურადღებას”, -აღნიშნა ფხოველიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, 15 ნოემბერს იწურება მიწის ქონების გადახდის ვადა, ხოლო ორშაბათიდან ფერმერებს მიწებს დაუყადაღებენ. “ათეულობით ფერმერი დგას ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე. დღეს ვაპირებდით, რომ პრობლემის მოგვარების გზებზე გვემსჯელა ხელისუფლებასთან ერთად, თუმცა არც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და არც კახეთის გუბერნიიდან ფერმერებთან დასალაპარაკებლად არავინ მოვიდა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ორშაბათიდან პერმანენტული საპროტესტო აქციები დავიწყოთ”, -აცხადებს ირინა ფხოველიშვილი.