ლაგოდეხის საკრებულოს წევრებმა ირაკლი ალასანიას პარტია დატოვეს
ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი დარბაიძემ და ორმა წევრმა, დავით კაპანაძემ და დავით მათიაშვილმა ირაკლი ალასანიას პარტია დატოვეს. გიორგი დარბაიძემ Knews.ge-ს განუცხადა, რომ ფრაქციის სამივე წევრმა კოალიცია “ქართულ ოცნებაში” დარჩენის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ფრაქცია “თავისუფალ დემოკრატებს” სახელიც შეეცვალა და “მემარჯვენეთა ცენტრი” დაერქვა.
“ჩვენ ვრჩებით კოალიცია “ქართულ ოცნებაში”. ფრაქცია “თავისუფალ დემოკრატები აღარ არსებობს და მას დაერქვა “მემარჯვენეთა ცენტრი. ამჟამად მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით და დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებ, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი დარბაიძემ.
ირაკლი ალასანიას პარტია დატოვეს სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” სამმა წევრმა – იოსებ ბეგიაშვილმა, არჩილ ტუხაშვილმა და გოჩა ჯარიაშვილმა. თავდაცვის ექსმინისტრის პარტიის ყოფილი წევრები რაიონის საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იქნებიან.
“თავისუფალი დემოკრატებს”, ასევე, გაემიჯნა ყვარლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ შავბალახაშვილი და ორი წევრი აკაკი სეფაშვილი და თორნიკე მოლაშვილი.
დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, ბესიკ ქავთარაძემაც დატოვა თავდაცვის ყოფილი მინისტრის პარტია. ქავთარაძემ მმართველ გუნდში დარჩენა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარესთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტა. ის მიიჩნევს, რომ ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს საფრთხეს არ შეუქმნის.
4 ნომბერს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. 5 ნოემბერს კი ალასანიას პარტიამ „კოალიცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.