კულტურის მინისტრმა კახეთის ფოლკლორულ ანსამბლებს მუსიკალური ინსტრუმენტები გადასცა
მიხეილ გიორგაძეს თქმით, საქართველოს მთავრობა „რეგიონების აღჭურვის პროექტს‘’ ანხორციელებს, რომლის ფარგლებში გარდა მუსიკალური ინსტრუმენტების გადაცემისა, სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც ჩატარდება, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ფოლკლორის განვითარებას და პოპულარიზაციას.
თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის ხელმძღვანელის, ლელა ონიანის თქმით, კულტურის მინისტრმა მათ ერთი კვირის წინ, ერეკლეობის დღესასწაულზე შეპირებული ჩელოები გადასცა, რომელიც ჩელოს ახალშექმნილ კლასს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის სჭირდებოდა.
გარდა ხალხური ანსამბლებისა, თელავის 2 სამუსიკო სკოლამ საჩუქრად კლასიკური მუსიკალური ინსტრუმენტები მიიღო. დედოფლისწყაროს, გურჯაანის და ახმეტის კულტურის ცენტრთან არსებულ საესტრადო ანსამბლებს კი საესტრადო მუსიკალური ინსტრუმენტები და აუდიოაპარატურა გადაეცათ. აუდიომუსიკალური აპარატურა მიიღო დუისის კულტურის სახლმაც.
მინისტრის თქმით, ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტებით წლის ბოლომდე აღიჭურვება სულ, 23 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის 27 ფოლკლორული ანსამბლი. საესტრადო და კლასიკური მუსიკალური საკრავები, აგრეთვე მუსიკალური და ტექნიკური აპარატურა კი გადაეცემა 13 ქალაქის და მუნიციპალიტეტის 16 სამუსიკო-სახელოვნებო სკოლას, 8 მუნიციპალიტეტის 8 საესტრადო მუსიკალურ ჯგუფს და 2 მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს.