ველისციხელი ტრანსგენდერი საბის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან კ-მ 11 ნოემბერს, ღამით, პეკინის ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ნაცნობს, 1991 წელს დაბადებულ ბექა ბ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით დგინდება, რომ ურთიერთშელაპარაკება თანხის გამო მოხდა, რომელიც ბრალდებულმა ბექა ბ-ს რამდენიმე თვის წინ ასესხა და ამ თანხის დაბრუნებას სთხოვდა. ლევან კ-მ, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ბექა ბ-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ლევან კ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. მკვლელობის იარაღი – დანა ნივმთკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ის 108 მუხლით).