რუსეთმა საქართველოდან რუსეთში ჩირისა და გამომშრალი კენკრის იმპორტზე აკრძალვა მოხსნა
უწყებამ რუსეთის ტერიტორიაზე გამომშრალი ვაშლის, მსხლის, კივის, მოცვის, მოცხარის, ქლიავის და მაყვლის შეტანის ნებართვა უკვე გასცა. დღეიდან, ასევე, შესაძლებელია საქართველოდან რუსეთში გამომშრალი ატმის, ალუბლის, ბლის, ჟოლოს, ასკილის, შინდის და სხვა პროდუქციის შეტანა.
როსსელხოზნადზორმა აღნიშნული პროდუქციის იმპორტზე აკრძალვა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის უმსხვილესი რუსული იმპორტიორების მიმართვასთან დაკავშირებით“ მოხსნა. უწყების ინფორმაციით, იმპორტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს გარანტიის პირობით განხორციელდება.
2006 წელს საქართველოდან რუსეთში ხილ–ბოსტნეულის, წყლისა და ღვინის ექსპორტი აიკრძალა. ქართული ღვინისთვის რუსული ბაზარი 2013 წლის ივნისში გაიხსნა, 2013 წლის შუა პერიოდში მოიხსნა ემბარგო ქართულ ჩაისა და თხილზე, 2013 წლის 14 ოქტომბრიდან კი რუსეთში უკვე ქართული მანდარინი შევიდა. 2014 წელს როსსელხოზნადზორმა გააუქმა აკრძალვა კარტოფილის, კიტრის, წიწაკის, საზამთროსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის შეტანაზე.