ახალი ამბები

5-19 ნოემბერს სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდება

სასოფლო–სამეურნეო აღწერის ჩატარებით საქართველო შეუერთდება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ 2006–2015 წლების მსოფლიო სასოფლო–სამეურნეო აღწერის პროგრამას.
აღწერის საველე სამუშაოების ძირითადი ეტაპი 2014 წლის 5-19 ნოემბრის პერიოდში ჩატარდება. მესტიის, ყაზბეგის, ნაწილობრივ დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში აღწერა 2014 წლის 15-29 სექტემბრის პერიოდში უკვე ჩატარდა. აღმწერები, შინამეურნეობის გამოკითხვას ჩაატარებენ სპეციალური კითხვარების მეშვეობით, პირისპირ გამოკითხვის გზით.
საყოველთაო აღწერა მცირე ადმინისტრაციული ერთეულების დონეზე (მუნიციპალიტეტი, საკრებულო) სრულყოფილი ინფორმაციის მიღების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. სასოფლო–სამეურნეო აღწერის კომპონენტის მეშვეობით, შეგროვდება ისეთი მონაცემები, როგორებიცაა: შინამეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობების, მრავალწლოვანი კულტურების ნარგავების, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის, ფუტკრის ოჯახების რაოდენობის, შინამეურნეობების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და მისი გამოყენების შესახებ.
პირველი სასოფლო–სამეურნეო აღწერა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 2004 წელს ჩატარდა. გაეროს რეკომენდაციით, სასოფლო-სამეურნეო აღწერა ქვეყანაში ყოველ ათ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს.
2014 წლის სასოფლო–სამეურნეო აღწერის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის შესახებ მონაცემები უნდა შეგროვდეს საქართველოში არსებულ ყველა შინამეურნეობაზე, რომელსაც 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო მიწა (დამუშავებული ან დაუმუშავებელი), ჰყავდა პირუტყვი, ფრინველი ან ფუტკრის ოჯახი, მიუხედავად იმისა საანგარიშო წელს აწარმოა თუ არა რაიმე სახის სასოფლო–სამეურნეო პროდუქცია. მონაცემთა შესაგროვებლად, აღმწერები გამოიყენებენ სპეციალურად შემუშავებული სოფლის მეურნეობის შესახებ კითხვარს – ფორმა N4. აღწერის შედეგად მიღებული მონაცემები კონფიდენციალურია და დაცულია “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლით.
სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგად მიღებული მონაცემები დაეხმარება როგორც ქვეყნის ხელისუფლებას შესაბამისი პოლიტიკის სწორად დაგეგმვაში, ასევე, სხვადასხვა უწყებას, ფერმერებს, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, უცხოელ ინვესტორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს თავიანთი საქმიანობის დაგეგმვასა და სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებების მიღებაში.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგად განახლდება ქვეყანაში არსებული სასოფლო მეურნეობების რეესტრი, რომელსაც გამოიყენებენ საქსტატის კვარტალური გამოკვლევის (სასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევა) შერჩევის ჩარჩოდ, რომელიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდის აღნიშნული გამოკვლევების შედეგად გაანგარიშებული მონაცემების ხარისხს.
აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება აღწერის ჩატარებიდან 6 თვეში, ხოლო საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება აღწერის ჩატარებიდან არაუგვიანეს 18 თვისა და ხელმისაწვდომი იქნება საქსტატის ოფიციალურ ვებგვერდზე.