ახალი ამბები

თესაუს პროფესორთა ნაწილი რექტორის მხრიდან განხორციელებულ წნეხზე საუბრობს

თელავის სახელმწიფო უნი­ვერსიტეტის პროფესორები რექტორის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ წნეხზე საუბრობენ და არ­სებული სისტემის შეცვლას მოითხოვენ. აკადემიური საბჭოს დადგე­ნილებით, თელავის სახელმწი­ფო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა მუშაობა ტა­ბელური სისტემით აღრიცხვას დაექვემდებარა.

აკადემიური სა­ბჭოს ეს დადგენილება ვრცელდება მხოლოდ იმ პროფესორ მასწავლე­ბლებზე, რომლებმაც 2014 წლის სექტემბერში დაიკავეს აკადემიური თანამდებობა. აკადემიური საბჭოს დადგენილების გარდა პროფეს­ორის საქმიანობას არეგულირებს დებულება აკადემიური პერსონა­ლის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ, რომლის მიხედვი­თაც პროფესორი ვალდებულია, უნივერსიტეტში შრომითი ურ­თიერთობის დროს იმყოფებოდეს მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმა­ვლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორებისათვის უმაღლეს სასწავლებელში საქმია­ნობა 4 დღით განისაზღვრება.
თესაუს პროფესორ ელიზბარ ელიზბარაშვილს, ორშაბათს მხო­ლოდ ერთი ლექცია აქვს და 11 საათზე ეწყება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის იძულებულია უმაღლეს სასწავლებელში დილის 9 საათი­სათვის იყოს და 15 საათზე დაას­რულოს მუშაობა.
ელიზბარაშვილი ყოველ სრულ საათზე თავის ყოფნას სპეციალურ ცხრილში ხელმოწერის მეშვეობით ადასტურებს. იგი განმარატავს, რომ ტაბელური სისტემით აღრიცხვა ზღუდავს უმაღლესი განათლების კანონით მინიჭებულ უფლებას, პროფესორმა, ჩარევის გარეშე, დამოუკიდებლად დაგეგმოს თავისი შრომის გრაფიკი:
,,უმაღლესი განათლების შესახებ კანონის გარდა ტაბელური სის­ტემით პროფესორთა აღრიცხვა უგულებელყოფს დადებული ხელ­შეკრულების პირობებს. ხელშეკრუ­ლების მიხედვით, დაქირავებული ვალდებულია, უნივერსიტეტში იმყოფებოდეს მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, მაგრამ აქ არ წერია კონკრეტული საათები. რომ 9 საათიდან 15 საათამდეა. აქვე აწერია, რომ დაქირავებულის სამუშაო რეჟიმი განისაზღვრება სასწავლო ცხრილის შესაბამისად”  – აღნიშნავს პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი.
პროფესორები ყოველ საათში ერთხელ ხელმოწერას მხოლოდ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე აფიქსირებენ, ხოლო განათლების მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სოციალურ მეც­ნიერებათა, ბიზნესისა და სამართ­ლის ფაკულტეტებზე პროფესორ მასწავლებლების საათობრივი აღრიცხვა არ მიმდინარეობს. ისი­ნი დღეში მხოლოდ ორჯერ აწე­რენ ხელს სპეციალურ ცხრილში, რომლის მეშვეობით ისინი ადასტუ­რებენ უმაღლეს სასწავლებელში ყოფნის ფაქტს.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს ქეთევან გიგაშვილს მიაჩნია, რომ ტაბელური სისტემით პროფესორჶმასწავლე­ბელთა აღრიცხვა უხეშად ზღუდავს აკადემიურ თავისუფლებას და აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის პირველ პირს ამ სიახლის დანერგვის შესახებ აკადემიური პერსონალის­თვის შესაბამისი ინფორმაცია არ მიუწვდია.
„ჩვენ რეგიონული სასწავლო-სამეცნიერო უნივერსიტეტი ვართ, სამეცნიერო ცენტრი კი თბილისშია. პროფესორს მუდმივად სჭირდება თბილისთან კონტაქტი – არქივებსა და სამეცნიერო ბიბლიოთეკებში მუ­შაობა, მონაცემთა ბაზების მოძიება, ექსპერიმენტულ კვლევებში ჩართვა, კონტაქტები ცნობილ მეცნიერებთან და ა.შ. კათედრაზე მჯდომი პროფე­სორი, სადაც მას ელემენტარული პირობებიც კი არ აქვს (მაგიდა, კომ­პიუტერი), რა კვლევებს ჩაატარებს? როგორ გაიზრდება ის, როგორც მკვლევარი? უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, უმაღლე­სი სასწავლო დაწესებულება უნდა ზრუნავდეს პერსონალის კვალი­ფიკაციის ამაღლებაზე, პროფესიულ ზრდაზე, მისი პირობების გაუმჯობე­სებაზე და არ უნდა შეზღუდოს მისი აკადემიური თავისუფლება. ჩვენი ხელმძღვანელობა კი, არ ზრუნავს ამაზე, არამედ პირიქით პროფესორს ართმევს კანონით მინიჭებულ უფლებას, დამოუკიდე­ბლად განახორციელოს სწავლება“, – აღნიშნავს გიგაშვილი.
გიგაშვილი ამ რეგულაციების დადგენის სავარაუდო მიზნებზეც საუბრობს. პროფესორის აზრით, საბიუჯეტო სახსრების ნაკლებობის გამო, ხელმძღვანელობის ერთჶერთი მიზანია, ერთი მხრივ, მათთ­ვის მიუღებელი და არასასურველი პროფესორების უნივერსიტეტიდან განთავისუფლება და, მეორე მხრივ, მათთვის მეცნიერულ წინასვლაში ხელის შეშლა.
პროფესორი იმისაც აცხადებს, რომ აკადემიური პერსონალის რა­მდენიმე წარმომადგენელმა მასთან პირად საუბარში სამეცნიერო საქ­მიანობისა და კვლევითი მუშაობის ამ პირობებში შეუძლებლობის შესახებ აღნიშნა.
„ეს არის პირდაპირი წნეხი პრო­ფესორზე. შენ მას განუსაზღვრავ სასწავლო გრაფიკს. მე ვიცი, როდის რა უნდა ვაკეთო. სხვა უნივერსი­ტეტებში მსგავსი შეზღუდვები არ არსებობს“, – განმარტავს ქეთევან გიგაშვილი.
ქეთევან გიგაშვილისგან განსხ­ვავებით, აგრარულ მეცნიერება­თა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიული ანდრონიკაშ­ვილი მიიჩნევს, რომ აკადემიური პერსონალისთვის დაწესებული ახალი რეგულაცია აკადემიურ თავისუფლებას არ ზღუდავს. ან­დრონიკაშვილი ეთანხმება იმ აზრს, რომ პროფესორი უნივერსიტეტში უნდა იმყოფებოდეს ცხრიდან სამ საათამდე, მაგრამ მისთვის კატე­გორიულად მიუღებელია აკადე­მიური პერსონალის ყოველ საათში ერთხელ აღრიცხვა, რომელიც მიმდინარეობს ზუსტ და საბუ­ნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფე­სორ ნინო კოჭლოშვილის აზრით, ტაბელური სისტემით პროფე­სორთა აღრიცხვა უზრუნველყოფს პროფესორჶმასწავლებელსა და სტუდენტს შორის უფრო მჭიდრო და ეფექტურ კონტაქტს.
პროფესორი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ აკადემიური საბჭოს დადგენილება პროფესო­რების სამეცნიერო საქმიანობისთ­ვის ხელისშემშლელი ფაქტორია. კოჭლოშვილი განმარტავს, რომ სამეცნიერო საქმიანობის ხელ­შეწყობის მიზნით აკადემიური პერსონალისთვის განსაზღვრულია სამეცნიერო მივლინება.
„ახალი სისტემის შემოღება არ მიმაჩნია პროფესორებისათვის ხე­ლისშემშლელ ფაქტორად. როდესაც სტუდენტები მუშაობენ საბაკა­ლავრო ან სამაგისტრო ნაშრომზე, ამზადებენ სამეცნიერო საკონფერენ­ციო თემას და მათ სურთ თავიანთ ხელმძღვანელთან შეხვედრა. ყოფი­ლა უამრავი შემთხვევა, როდესაც სტუდენტი ეძებს პროფესორს და ვერ პოულობს“, – აღნიშნავს ნინო კოჭლოშვილი.
პროფესორებისათვის ახალი რე­გულაციების დაწესებაში აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკა­ნი, ასოცირებული პროფესორი მა­ნანა კევლიშვილიც პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ის ფიქრობს, რომ ამ საათობრივი რეჟიმის პირობებში თესაუს აკადემიური პერსონალი სხვა უმაღლეს სასწავლებელში აკადემიურ თანამდებობას ვერ დაიკავებს.
თელავის სახელმწიფო უნივერ­სიტეტის რექტორი ავთანდილ ღელაღუტაშვილი გადაჭარბებუ­ლად და გაზვიადებულად მიიჩნევს იმ მოსაზრებას, რომ აკადემიური საბჭოს დადგენილება ზეწოლას ახდენს პროფესორის სამეცნიერო საქმიანობაზე. რექტორის განმარ­ტებით, აღნიშნული რეგულაციის დაწესების მიზანია სწავლების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლება.
„პროფესორს მაშინ ეზღუდება აკადემიური თავისუფლება, როდეს­აც მას კვლევის განხორციელებაში ხელს უშლი. უნივერსიტეტში არც ერთ პროფესორს არ ეზღუდება არქივში ან ბიბლიოთეკაში წასვლა. ასევე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დაწესებული რეგულაციები მათ ნამდვილად არ უზღუდავს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ სამეცნიერო კონფერენციაში. მათ ეძლევათ შესაბამისი სამეცნიერო მივლინება.
გარდა სალექციო საათებისა, პროფესორი ვალდებულია, კვირა­ში ჩაატაროს სტუდენტებისატვის საკონსულტაციო 2 საათი. პრო­ფესორი კვირასი უნდა იყოს სამი დღე. ის ვალდებულია 6 ან 8 საათი ჩაატაროს. ის სამ საგანს მაინც კითხულობს. ასე რომ პროფესორს ისედაც უწევს უნივერსიტეტში ყოფნა დროის იმ მონაკვეთში, რო­მელიც დაწესებულია“, – განმარტავს ავთანდილ ღელაღუტაშვილი.
თესაუს იურიდიული სამსახურის უფროსი ჯუმბერ მაილაშვილი აღ­ნიშნავს, რომ პროფესორებისათვის ახალი რეგულაციების დაწესებით უმაღლესი განათლების შესახებ კანონი არ ირღვევა.
მაილაშვილის განმარტებით, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 21-ე მუხლის მიხედვით აკა­დემიური საბჭო ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაუ­რების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
თესაუს იურიდიული სამსახუ­რის უფროსის განცხადებითვე, პროფესორებს, აკადემიური თა­ნამდებობების დაკავებამდე, ახალი რეგულაციის დაწესების შესახებ თავიდანვე ჰქონდათ ინფორმაცია.
„პროფესორს ამ საათობრივ ღე­ჯიმში, რომელიც დაწესებულია უნივერსიტეტში, მაინც უწევს ყო­ფნა. 37-ე მუხლი მუხლი კი, რომე­ლიც გულისხმობს, რომ აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს, ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამო­ქვეყნება. ეს ნიშნავს იმას, რომ არავის აქვს უფლება ჩაერიოს სწავლების ში­ნაარსობრივ ნაწილში. ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ უნივერ­სიტეტში პროფესორის შრომითი გრაფიკის განსაზღვრა არ შეუძლია უმაღლესი სასწავლო დაწესებულე­ბის შესაბამის ორგანოს”, – განმარ­ტავს ჯუმბერ მაილაშვილი.
თესაუს სამეცნიერო განყოფილე­ბის ხელმძღვანელმა პროფესორმა ქეთევან გიგაშვილმა ოფიციალური წერილით უკვე მიმართა განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს, პარლამენტის განათლე­ბის კომიტეტს და მათგან საკითხის შესწავლა მოითხოვა. ჯერჯერობით ქეთევან გიგაშვილს უწყებებისგან ოფიციალური პასუხი არ მიუღია.