თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე რჩება
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის და შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობების თითოეულმა წევრმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს თავისი ევროპული არჩევანი გაეტარებინა. თეა წულუკინმა განაცხადა, რომ არც მოქმედი და არც ყოფილი პრემიერ-მინისტრების მხრიდან მას და მის გუნდს არასოდეს ჰქონია ხელშეშლა, მთავრობასთან ერთად ევლო ევროპულ გზაზე. “სრულად ვათვითცნობიერებ, რომ ჩემი სათქმელი ვერ იქნება საზოგადოების ყველა წევრისთვის დამაკმაყოფილებელი, თავშივე მოგახსნებთ, ის, რაც მოხდა და ხდება, სამწუხაროა. 2010 წელს გვერდზე გადავდე ევროპული კარიერა, კომფორტული სიბერემდე, გადავდე ყველაფერი გვერდზე პირადი, დავბრუნდი საქართველოში, რათა წვლილი შემეტანა საქართველოს ევროპამდე მიყვანამდე საქმეში. მოვხვდი იმ ადამიანების გვერდით, რომლებთანაც მქონდა ერთიანი ღირებულებები, დასავლური ღირებულებები. 2012 წლიდან სათავეში ვუდგავარ იმ სამინისტროს, რომლის თითოეული თანამშრომელი პროგრესით მუშაობს. ეს პროგრესი სულ რამდენიმე დღის წინ დაგვირგვინდა ვიზალიბერალიზაციის პროცესის პირველი ფაზის წარმატებით დახურვით. სულ რამდენიმე დღის წინ, 29 ოქტომბერს, თავად ევროკავშირმა ჩვენი მთავრობის კოლექტიურ წარმატებას ძალიან „ერთი ნაბიჯით წინ ევროპისკენ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის შეფასებით, ცუდია, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე სამწუხარო მოვლენებმა საქართველოს ეს წარმატება გადაფარა. წულუკიანის განცხადებით, არ არსებობს საქართველოს მომავალი ევროპული კურსის გარეშე.
“მერე რა, რომ ამ ორი წლის განმავლობაში მე, იუსტიციის მინისტრს, ერთ ქალს მქონია მრავალი სირთულე. მერე რა, რომ თავის ზევით ძალა მომიძებნია, რომ ფეხზე ვმდგარიყავი ან არ ვმდგარიყავი. მე და ჩემს სამინისტროს არასდროს გვქონია ხელშეეშლა, გვევლო მთავრობასთან ერთად ევროპულ გზაზე. არც ერთი და არც მეორე პრემიერის მხრიდან, არც მოქმედ და არც უკვე ყოფილ მინისტრებთან აზრთა სხვადასხვაობა ევროპულ არჩევანზე არ ყოფილა. 2012 წელს მოსული ძალა არის ევროპული კურსის ერთგული. ეს გზა არის რთული, ეს არის მთავრობის განუხრელი კურსი, რადგან არ არსებობს საქართველოს მომავალი ევროპული კურსის გარეშე. მანამ მე მაქვს სახელმწიფოსთვის ევროპული მომავლისთვის მუშაობის სრული თავისუფლება, მე და ჩემს გუნდს გვაქვს საშუალება ვიმუშაოთ, არ მქონია საფუძველი, რომ ჩვენი მთავრობა პროევროპული მთავრობა არ არის. ვრჩებით იუსტიციის სამინისტროში და ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს სახელმწიფოსთვის”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანი პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი იყო, თუმცა მინისტრად დანიშვნის შემდეგ მან პარტიის მანდატი დატოვა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას გადაყენების შემდეგ მინისტრთა კაბინეტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დატოვეს.

