ახალი ამბები

ირაკლი ალასანია – “ეს არის შეტევა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე”

“მინდა, მივმართო საზოგადოებას თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე, პროკურატურის ნაბიჯებზე, რომელიც დღესაც გაგრძელდა და დღესაც რამდენიმე ჩვენს თანამშრომელს წაუყენეს ბრალი. მე მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული. მაშინ, როდესაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო წასული საფრანგეთსა და გერმანიაში, კოლეგა მინისტრებთან შეხვედრაზე და ხელი ეწერებოდა და მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, მაშინ, როდესაც გენერალური შტაბის უფროსი კაპანაძე იმყოფება ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე, დაკავებები გრძელდება. ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს, რომ გამოძიებას ვინმე წინ უნდა აღუდგეს, მაგრამ გვქონდა ეჭვი, თუ რა საფუძველი იყო იმისი, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ ციხეში, ისინი არსად გარბოდნენ და საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები ჩაუდგენენ თავდებში. ყველაფერი ეს მიქმნის ეჭვს, რომ საქმე გვაქვს მიზანამიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროზე, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატო-სთან და ევროკავშირთან და ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას და მომავალს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ეს განცხადება გამეკეთებინა და ხვალ მივმართავ ჩვენი ქვეყნის მმართველი კოალიციის პოლიტიკურ საბჭოს, შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯერლობა, თუ საითკენ მიჰყავს პროკურატურას და ამ მოვლენებს ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, მისი გათავისუფლება არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე და იმ სტრუქტურაზე, რომელიც გამორჩეული იყო და არის რეფორმების წარმატებულ განხორციელებასა და საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევაში. 
“მინდა, ასევე გითხრათ, ძალიან კარგად ვიცი, ვისი გორის ვარ, მე ვერ შემაშინებს, ვერც პროკურატურა, ვერც ის ტალახი, რომელსაც დღეს ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ისვრიან. გპირდებით ქართულ საზოგადოებს, ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს მიერ 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაწყებულ საქმეს და ვუერთგულებთ იმ იდეალებს, რომლისთვისაც საზოგადოებასთან ერთად გავიმარჯვეთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, ეხლა მთავარია, სიმშვიდე, სიბრძნე და მტკიცედ გავაგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის ბრძოლა”, – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.