სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი, დატოვებენ თუ არა “თავისუფალი დემოკრატები” კოალიციას
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნება განხილვა, თუ როგორ აგრძელებს კოლიცია მოქმედებას. ალასანიას განცხადებით, დღეს ქართულმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი – აგრძელებს პროდასავლურ კურსს, უერთდება ნატოს თუ თავის ბედს უკავშირებს რუსეთს.
“მოვლენებს არ გავუსწრებ. ერთ რამეს ვიტყვი, ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ სწორი გავაკეთეთ, როდესაც ერთ მუშტად შევიკარით და დავიწყეთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. მაგრამ დღეს უკვე ზღვარი გაევლო ყველაზე მაღალ ღირებულებას – სად დგას საზოგადოება და პოლიტიკური ძალები. დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი – ვაგრძელებთ რეფორმებს, ვუერთდებით ნატოს, ევროკავშირს და ქვეყნის მომავალს აქ ვხედავთ, თუ მართლაც არსებობს ქვეყანაში ძალა, რომელმაც შეიძლება გადაუხვიოს ამ ევროატლანტიკურ ღირებულებებს და თავისი ბედი დაუკავშიროს რუსეთს. ამ არჩევანის წინაშე ვხედავ ჩვენს საზოგადოებას. ამაზე სერიოზული სამსჯელო გვაქვს კოალიციას და სწორედ ამაზე შედგება მსჯელობა ხვალ. რა შედეგით დასრულდება, ხვალ გახდება ცნობილი”,-განაცხადა გუშინ ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, მიზანმიმართული შეტევა განხორციელდა არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროზე, ასევე მასზე, როგორც პოლიტიკურ ლიდერზე. ალასანიამ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებიც გაიხსენა.
“ყველას კარგად ახსოვს ისტორია, როგორ განვითარდა არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ჩემი და ივანიშვილის ურთიერთობა. მაშინ ყველაზე მაღლა იდგა, რომ ერთობა შენარჩუნებულიყო და ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც მოდიოდა იმჟამინდელი პრემიერის მხრიდან, მე ამეხსნა, როგორც აუცილებლობა, რომ მომეთმინა. ეს ერთობა, ეს იდეალები, მიზნები, რაც კოალიციამ ერთობლივად დავისახეთ, მიგვეღწია და ნაწილობრივ მიღწეულია. ხვალ, როდესაც შედგება პოლიტსაბჭო, გვექნება განხილვა, როგორ აგრძელებს კოალიცია მოქმედებას, რა ხდება კოალიციაში ამ ნაბიჯების შემდეგ”, -განაცხადა ალასანიამ.

