ახალი ამბები

ოჯახური წარმოების ხორცისა და რძის პროდუქტების რეალიზაციას კანონი არ ზღუდავს

„აღიარება 12 თვიანი პროცედურაა და კომპანიას, რომელსაც არ ექნება აღიარება, საწარმოო პროცესი 1 იანვრიდან მყისიერად არ შეუჩერდება. სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს ადაპტირებული მიდგომა. ვცდილობთ ეს პროცესი არ იყოს მძიმე ტვირთი საწარმოებისთვის. ისინი შეძლებენ ეტაპობრივად გადავიდნენ ახალ მოთხოვნებზე“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე. 
მისი თქმით, აღიარების პროცედურა ორ ეტაპად იყოფა. საწარმოს პირველ ეტაპზე მოეთხოვება, რომ შენობის დიზაინი შესაბამისობაში მოიყვანოს, რაც შენობის სურსათის უვნებლობის პრინციპების დაცვით დაგეგმარებას და რეცხვა/დეზინფექციის შესაძლებლობას გულისხმობს. საწარმო ასევე ტექნოლოგიური პროცესისთვის გამოსაყენებელ მანქანა-დანადგარებს უნდა ფლობდეს. 
პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ ხდება მეწარმის პირობითი აღიარება. ამის შემდეგ საწარმო ექვემდებარება სრული პროცესის კონტროლს. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ნედლეულიდან დაწყებული საბოლოო პროდუქტამდე ყველაფერს ამოწმებენ. მოერე ეტაპის დამაკმაყოფილებლად დაძლევის შემდეგ საწარმოს საბოლოო აღიარება ეძლევა. 
იმისთვის, რომ აღიარება მოიპოვონ ცხოველის სასაკლაოებმა და რძის გადამამაუშავებელმა კომპანიებმა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა უნდა დანერგონ. 
ის კომპანიები, კი რომლებიც სააგენტოს რეკომენდაციებს სწორად შეასრულებენ და HACCP -ს დანერგავენ , საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის (ISO) წესების შესაბამისად GE კოდს და თავის უნიკალურ ნომერს აიღებენ. საწარმოებს პროდუქტის უვნებლობის დასადასტურებლად ამ მონაცემების გამოყენება შეეძლებათ.