ახალი ამბები

კახეთში უკანონო თევზჭერის სამი ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, ორ შემთხვევაში, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას თევზჭერის აკრძალული საშუალებით – ელექტროშოკური მოწყობილობით ახდენდნენ. ერთი მოქალაქე კი, თევზჭერისას ასევე აკრძალულ საშუალებას – ფეთქებად ნივთიერებას იყენებდა.

„სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის, ჯამში, 5 კილოგრამზე მეტი თევზი.

ვინაიდან სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.