გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი საქართველოს ეწვევა
7 მაისს საქართველოს გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. მასთან ერთად საქართველოში ჩამოდის გერმანული კერძო კომპანიების დელეგაცია.
გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.
„საქართველომ ახლა უნდა შეინარჩუნოს კურსი და გადადგას სწრაფი ნაბიჯები შეთანხმებული რეფორმების განსახორციელებლად. საქართველოს საზოგადოება მზად არის ევროკავშირისთვის. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ გვსურს, კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. გერმანიის ფედერალური მთავრობა აძლიერებს გერმანულ კომპანიებს მათი საქმიანობისას რეგიონში და ამით აძლევს დადებით იმპულსს რეფორმების განხორციელებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში“, – განაცხადა სვენ გიგოლდმა.
გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტრო ეხმარება საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო ინსტრუმენტებით (ექსპორტის საკრედიტო გარანტიები, საინვესტიციო გარანტიები, ევროკავშირის ტვინინგის პროექტები, პარტნიორობა ადმინისტრაციულ დარგში, პროგრამა „პარტნიორობა ბიზნესში გერმანიასთან“).
„მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბაზრის გაფართოების პროგრამის ფარგლებში ხდება მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერა უცხოურ ბაზარზე შესვლისას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის ჩართულობის ინიციატივაში“,– ნათქვამია ინფორმაციაში.