პატრიარქმა ნეკრესის ეპარქიის 10 სასულიერო პირი დააჯილდოვა
პატრიარქმა ნეკრესელ მიტროპოლიტ სერგი ჩეკურიშვილს ეპარქიის წინაშე გამოჩენილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის კი წმინდა გიორგის ოქროს ხატი გადასცა. მეუფე სერგიმ კი ილია II-ს კი კვერთხი უსახსოვრა.
საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა ყვარლის იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ბენიამინ ჩიხორლიშვილის და ყაზანის ყოვლადწმიდაღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თევდორე ხუციშვილს ორი ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა; დუბის ღვთისმმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბადრი არჩვაძე გაბრწყინებული ჯვრისა და მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. ილია II-მ ამავე ტაძრის მღვდელი ავთანდილ ჯავშანაშვილი კი დეკანოზის ხარისხში აიყვანა და გაბრწყინებული ჯვრისა და მიტრის ტარების უფლება მიანიჭა. კათოლიკოს პატრიარქმა დეკანოზის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა მღვდლები გიორგი ხაჩიძე და მარკოზ ხატიაშვილი. საქართველოს ეკლესიის მწყემსთავარმა გაბრწყინებული ჯვის ტარების უფლება, ასევე, მიანიჭა დეკანოზ რევაზ გელაშვილს. ილია მეორემ ნეკრესის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ანტონი პავლიაშვილი იღუმენის ხარისხში აიყვანა, ხოლო მონაზონი თეკლა კამამაძე ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენიას ხარისხი მიანიჭა.
პატრიარქმა წმ. იოანე ნათლიმცემლის შობის სახელობის ტაძარში შეკრებილ მრევლსაც მიმართა და დალოცა.
„მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ამ წმინდა ტაძარში. აქ არის ჭავჭავაძეების განსასვენებელი, მათ შორის ჩვენი სულიერი შვილის ზურაბ ჭავჭავაძის, რომელიც საპატრიარქოს მდივანი იყო. ეს ადგილი განსაკუთრებულია. აქ მოღვაწეობდნენ ჩვენი დიდი წინაპრები. ამ დღეს ვახსენებთ მათ სახელს, ვახსენებთ მათ ღვაწლს და შევთხოვთ უფალს, რომ მშვიდობა და მთლიანობა მოანიჭოს საქარტველოს, ხოლო ჩვენს წინაპრებს ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს. ჩვენ ჩამოვედით აქ და ვხედავთ, რამდენად შეიცვალა სულიერი ცხოვრება ამ ეპარქიაში. მე მინდა მადლობა ვუთხრა მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მიტროპოლიტ სერგის ამ დიდი ღვაწლისთვის და მე მინდა გადავცე მას წმინდა გიორგის ოქროს ხატი“, – აღნიშნა ქადაგებისას კათოლიკოს პატრიარქმა.
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორმა თამარ ზურიაშვილმა კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საჩუქრად ილია ჭავჭავაძის ხელნაწერი და მუზეუმის ეზოში ამოსული თუთის ხისგან გამოთლილი შანდალი გადასცა.
პატრიარქმა ყვარლის წმ. იოანე ნათლიმცემლის ტაძარში მიბრძანებამდე გრემის წმ. მთავარანგელოზების სახელობის ტაძარი მოილოცა, წმ. აბიბოს ნეკრესელის სახელობის სასულიერო სემინარია პირველად დაათვალიერა და სასულიერო სასწავლებლის სტუდენტებსაც შეხვდა. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა სტუდენტებთან საუბრისას წიგნიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ახალგაზრდებს ურჩია, რომ ბევრი იკითხონ და იშრომონ. გრემის წმ. აბიბოს ნეკრესელის სახელობის სასულიერო სემინარია ზუსტად 7 წლის წინ, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დაარსდა. კათოლიკოს პატრიარქს გრემში კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი დახვდნენ.
„კახეთში გვაქვს განსაკუთრებული ზეიმი. მე და მეუფე სერგიმ პატრიარქს გავუბედეთ და ვთხოვეთ, რომ ჩამობრძანებულიყო ჩვენთან და დაელოცა ჩვენი რეგიონი. პატრიარქი დაგვთანხმდა ამაზე. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ დღეობაში და დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
უკვე ხუთი დღეა, რაც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი კახეთში, წინანდლის რეზიდენციაში იმყოფება. დღეს კათოლიკოს-პატრიარქი კახეთს დატოვებს და თბილისში გაემგზავრება.