ახალი ამბები

გენდერული თანასწორობის რეიტინგში საქართველო 142 ქვეყანას შორის 85-ე ადგილს იკავებს

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული თანასწორობის 2014 წლის რეიტინგში საქართველო 142 ქვეყანას შორის 85-ე ადგილს იკავებს. გასულ წელს საქართველო 86-ე პოზიციაზე იყო. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გენდერული თანასწორობის რეიტინგს ეკონომიკაში, პოლიტიკაში, განათლებასა და ჯანდაცვის სისტემაში ქალთა ჩართულობის მიხედვით ადგენს. 
2014 წლის რეიტინგის თანახმად, საქართველოს ეკონომიკაში ქალთა ჩართულობის მხრივ 66-ე პოზიცია უკავია, განათლებაში – 80-ე, ჯანდაცვის მხრივ -115-ე, პოლიტიკაში მონაწილეობით კი 94-ე. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული თანასწორობის 2014 წლის რეიტინგში აზერბაიჯანი 94-ე ადგილზეა, სომხეთი – 103-ე, თურქეთი – 125-ე, ხოლო რუსეთი 142 ქვეყანას შორის 75-ე პოზიციაზეა, უკრაინა – 56-ზე.
2014 წლის რეიტინგის პირველ ხუთელში სკანდინავიის ქვეყნები – ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი და დანია შედიან. აღსანიშნავია, რომ ათეულში მოხვდა რუანდა, რომელმაც მეშვიდე ადგილი დაიკავა. ბოლო პოზიციებზე იემენი და პაკისტანი არიან. 
“სამწუხაროდ, მსოფლიოში ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო ამ დრომდე გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა”, – ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში.