ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მთავრობის პოლიტიკაა იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი პროდუქციით

საქართველოს მრემიერ-მინისტრის განცხადებით, თითოეულ რეგიონში არსებობს იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე ადგილობრივ ბაზარს სჭირდება რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია თავისი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს: ,,ჩვენი მთავრობის პოლიტიკაა იმპორტის მაქსიმალურად ჩანაცვლება ადგილობრივი, მაღალი ხარისხის პროდუქციით და ექსპორტის განვითარება. ჩვენს გლეხებს პროდუქცია უკვე გააქვთ რუსეთის ბაზარზე, რაც მათთვის დიდი შეღავათია. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გაცილებით დიდი გეგმები და პერსპექტივები გვაქვს – საქართველოსთვის გაიხსნა ევროკავშირის 500-მილიონიანი ბაზარი და ეს ბაზარი უნდა ავითვისოთ, რაც შეიძლება სწრაფად”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული რეფორმები წარმატებული იყო. მისი ინფორმაციით, 2 წლის განმავლობაში დაიხნა 420 ათასი ჰექტარი მიწა. ყოველ წელს 800 ათასი გლეხი იღებს დახმარებას სახელმწიფოსგან.

”ამაში 300 მილიონამდე ლარია დახარჯული. ესეთი პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა, სოფელს ასეთი დახმარება არ ახსოვს. გლეხებს უსასყიდლოდ მივაწოდეთ 9 მილიონამდე ლარის ღირებულების სათესლე მასალა, 107 მილიონის ღირებულების სასუქი, 48 მილიონ ლარამდე ღირებულების შხამქიმიკატები, 54 მილიონამდე ლარის ღირებულების ინვენტარი. ამოქმედდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი. 2013 წლის მარტიდან გაცემულია 492 მილიონი ლარის 21 ათას 400 აგროკრედიტი. ესაა ნახევარი მილიარდის ინვესტიცია მხოლოდ ამ პროექტში და ახალი საწარმოებისთვის, რომლის უმნიშვნელოვანეს შედეგებს უახლოეს მომავალში ყველა დაინახავს. ამ პროექტის ფარგლებში, დაფინანსდა 89 ახალი საწარმო, ხოლო გადაიარაღდა 521″, – განაცხადა პრემიერმა.