ახალი ამბები

2015 წელს დუისი-წინუბნის საავტომობილო გზის მოასფალტება იგეგმება

პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობას დუისი-ომალოს დამაკავშირებელი გზის დარჩენილი მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების პირობაც მისცა.
“მინდა მივმართო პანკისის ხეობის თითოეულ მცხოვრებს: ჩვენ საფუძვლიანად ვსწავლობთ ყველა პრობლემას, რომელიც თქვენ გაწუხებთ, ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა გადავჭრათ ისინი და ცხოვრების პირობების მაქსიმალურად გაგიუმჯობესოთ. ჩვენ დავასრულეთ დუისი-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 5,2 კმ-იანი მონაკვეთის საფარით მოპირკეთების სამუშაო, რომელიც 810 000 ლარის ღირებულებისაა; ასევე დასრულდა სოფელ საკობიანოს შიდა საუბნო გზის საფარით მოპირკეთების სამუშაო – 680 000 ლარის ღირებულების პროექტი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა დუისის #2 საბავშო ბაღს; დასრულდა მდინარე ალაზანზე დუმასტურ-ჯოყოლოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდზე სამუშაოების პირველი ეტაპი; ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს უკვე აქვს მინი სტადიონი მწვანე ხელოვნური საფარით. დუისში, საკობიანოში, ჯოყოლოსა და ომალოში უკვე ფუნქციონირებს ამბულატორიები და ეს დიდი შეღავათია თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის. 
რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. მინდა გითხრათ, რომ მომავალ წლისთვის დაგეგმილი გვაქვს დუისის სპორტული დარბაზის სრული რეაბილიტაცია, დუისი-ომალოს დამაკავშირებელი გზის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია, მოვაგვარებთ მდინარე ალაზნის ნაპირდამცავი ნაგებობების პრობლემას. სამომავლოდ ჩვენ ასევე ვგეგმავთ დუისი-წინუბნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოასფალტებას, მოვაწესრიგებთ სოფლების შიდა გზებს.
ვიცი, რომ ხეობაში გაწუხებთ ელექტრომომარაგების პრობლემა, რადგანაც ამორტიზირებულია ელექტრომომარაგების 10 კმ-იანი გადამცემი ხაზი. ჩვენ ამ პრობლემაზე ვმუშაობთ და მას აუცილებლად გადავჭრით.
ვიცი, რომ ასევე გაწუხებთ საბავშვო ბაღებისა და სკოლების მდგომარეობა და მინდა გითხრათ, რომ ვგეგმავთ მათ რეაბილიტაციას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სოფელ დუისში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლება პანკისელების გვერდითაა და მათი პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობს. 
“მე მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი ცხოვრების პირობები მაქსიმალურად გაუმჯობესდეს. აქ, მთებში ცხოვრება ადვილი არ არის და თქვენი ყოველი პრობლემის სიმძიმე ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული. ჩვენ კიდევ არაერთ გეგმას განვახორციელებთ ხეობაში, არაერთ პრობლემას გადავჭრით და, დარწმუნებული ვარ, თქვენ სულ უფრო დარწმუნდებით, რომ მარტო არ ხართ. ხელისუფლება თქვენს გვერდითაა”, – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.