ახალი ამბები

ოჯახში ძალადობაზე სისხლის სამართლებრივი სანქციები მკაცრდება

მკაცრდება სისხლის სამართლის კოდექსის 126/1-ე მუხლი.
მოქმედი კოდექსის მიხედვით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რომელმაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია, ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 40-დან 150-საათამდე. ოჯახში ძალადობისათვის კანონში დაგეგმილი ცვლილებები, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გარდა, სანქციად ერთ წლამდე ვადით პატიმრობასაც აწესებს.
გარდა ამისა, ცვლილება შედის 126/1-ე მუხლის მეორე ნაწილში, რომელიც თავის მხრივ დამამძიმებელ გარემოებებს ეხება. კერძოდ, საუბარია იგივე ქმედებაზე, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ორი ან მეტი პირის მიმართ; პირთა ჯგუფის მიერ ან არაერთგზის. მოქმედი კოდექსის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში პირი ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ვადით 100-დან 200-საათამდე, თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. მთავრობის კანონპროექტის თანახმად კი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სანქცია 200-დან 400-საათამდე იზრდება, თავისუფლების აღკვეთის ერთი წლის ნაცვლად კი, პატიმრობის სამ წლამდე ვადად განისაზღვრება.
კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.