ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – სოფელს ასეთი დახმარება არ ახსოვს

 ღარიბაშვილის განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ სრულიად დანგრეული სოფლის მეურნეობა ჩაიბარა და პრობლემებთან ბრძოლა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაიწყო.

“თქვენ იცით, რომ ჩვენ თავიდანვე გამოვაცხადეთ სოფლის გადარჩენა ჩვენს პრიორიტეტად. იცით, რომ დაგვხვდა ძალიან მძიმე მდგომარეობა – მთლიანად დანგრეული სოფლის მეურნეობა და უკიდურესად გაღატაკებული სოფელი. პირველივე დღიდან მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაიწყო ბრძოლა ქვეყნისათვის ამ ყველაზე მთავარ გამოწვევასთან. ჩვენ ვეხმარებით მცირემიწიან ფერმერებს საგაზაფხულო სამუშაოებში – 2 წლის განმავლობაში დაიხნა 420 ათასი ჰექტარი მიწა. ყოველ წელს 800 ათასი გლეხი იღებს დახმარებას სახელმწიფოსგან. ამაში 300 მილიონამდე ლარია დახარჯული, აი, სწორედ ის 300 მილიონი, რომელიც ქუთაისის პარლამენტში გადაიხადა სააკაშვილმა. ასეთი პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა, სოფელს ასეთი დახმარება არ ახსოვს. გლეხებს უსასყიდლოდ მივაწოდეთ 9 მილიონამდე ლარის ღირებულების სათესლე მასალა, 107 მილიონის ღირებულების სასუქი, 48 მილიონ ლარამდე ღირებულების შხამქიმიკატები, 54 მილიონამდე ლარის ღირებულების ინვენტარი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ პროექტის ფარგლებში უკვე 89 ახალი საწარმო დაფინანსდა.

“2013 წლის მარტიდან გაცემულია 492 მილიონი ლარის 21 400 აგროკრედიტი. წარმოიდგინეთ, ესაა ნახევარი მილიარდის ინვესტიცია მხოლოდ ამ პროექტში და ახალი საწარმოებისთვის, რომლის უმნიშვნელოვანეს შედეგებს უახლოეს მომავალში ყველა დაინახავს. ამ პროექტის ფარგლებში, დაფინანსდა 89 ახალი საწარმო, ხოლო გადაიარაღდა 521. ჩვენი ე.წ. ოპონენტების მხრიდან მუდმივად მიდის სპეკულაცია – სად არის საპირებული 60 საწარმო. მე გეუბნებით, რომ გვაქვს 89 რეალური ახალი საწარმო. თქვენ შეგიძლიათ, მიბრძანდეთ და ნახოთ – მივმართავ დაინტერესებულ მხარეებს და ჟურნალისტებს, რომელთაც არ აინტერესებთ ეს თემა. ეს არის რეალობა, რომელიც ჩვენ სულ რაღაც ორ წელიწადში დავაყენეთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილმა საკუთარ გამოსვლაში რთველზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ხელისულების პირობებში საგრძნობლად გაიზარდა როგორც მოსავალი, ასევე მისი ჩაბარება და ღირებულება. 
“ამ ორი წლის მანძილზე უპრეცედენტო რთველი გვქონდა, მე მინდა კიდევ ერთხელ შევადაროთ და დავრწმუნდეთ რამხელა განსხვავებაა წინა წლებთან შედარებით. წინა ხელისუფლების დროს სამი წლის განმავლობაში გადამუშავდა მხოლოდ 88 000 ტონა ყურძენი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი მხოლოდ ორი წლის განმავლობაში სახლემწიფოს დახმარებით გლხებეისგან შესყიდული იქნა 200 000 ტონა ყურძენი. წლების განმვალობაში ყურძნის ფასი 50 დან 90 თეთრამდე მერყეობდა, 90 იყო სანატრელი ფასი, რასაც გლეხი იღებდა რამდენიმე თვის დაგვიანების შემდეგ ჩვენს რეალობაში საგრძნობლად გაიზარდა, შარშან და წელს მინიმუმ ლარი ღირდა, თუმცა რქაწითელის ფასმა ლარნახევარს მიაღწია, საფერავმა კი სამ ლარს. ხალხმა შრომის შედეგად 270 მილიონი ლარი აიღო’,-განაცხადა ღარიბაშვილმა. 
პრემიერის განცხადებით, ატმის რეალიზაციის კუთხითაც მდგომარეობა გამოსწორდა.
“წელს პირველად სახელმწიფო ეხმარება ვაშლის მწარმოებლებს და გაიცემა სუბსიდია არასტანდარტულ ვაშლზე. ასევე წელს დავაფინანსეთ და დავეხმარეთ გლეხებს, რომ სრულად მომხდარიყო ატმის რეალიზაცია, ატმის ექსპორტი გაზრდილია 74 პროცენტით და შეადგინა 5 000 ტონა. მისი რეალიზაციით გლებმა 5 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო“,- აღნიშნა პრემიერმა.