ახალი ამბები

საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი შეიქმნება

ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ფუნქცია იქნება საქართველოში არსებულ ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლა და ანგარიშგების წარმოება.
ამ ტიპის ცენტრის ფუნქციონირება დაბალანსებული, გამჭვირვალე და თანამედროვე ანტინარკოტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი კომპონენტია. ნარკომანიის მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგითა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებაცაა.
ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნით საქართველო უზრუნველყოფს ნარკოვითარების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, რომლის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება.
ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნის საკითხებთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის სააგენტოსთან ((EMCDDA). 2014 წლის ივნისში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია იმყოფებოდა „EMCDDA“-ში (ლისაბონში), სადაც დეტალურად განიხილეს საქართველოში არსებული ნარკოვითარება, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოები და მათი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. შეხვედრის დროს, აგრეთვე, განისაზღვრა საქართველოსა და „EMCDDA“-ს შემდგომი თანამშრომლობის ფორმები.