ახალი ამბები

შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 89 ახალი საწარმო შეიქმნა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 89 ახალი საწარმო შეიქმნა. უწყების განცხადებით, 2013 წლის 27 მარტიდან 13 ოქტომბრამდე შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით 22 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, სესხის სახით კი 566 მილიონ 493 ათას 582 ლარი გაიცა.
შეღავათიანი აგროკრედიტი რამდენიმე კომპონენტიანია, კერძოდ აქ შედის: განვადება მცირე ფერმერებისთვის, შეღავათიანი აგრო კრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის, შეღავათიანი აგრო კრედიტი სასოფლო – სამეურნეო საწარმოებისთვის, შეღავათიანი აგროლიზინგი სასოფლო – სამეურნეო საწარმოებისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი მანდარინის შემსყიდველი საწარმოებისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოებისათვის, აწარმოე საქართველოში.
,,განვადება მცირე ფერმერებისთვის, რომელიც გულისხმობს ფერმერებისთვის 5 000 ლარამდე ღირებულების სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების პროდუქციაზე უპროცენტო სასაქონლო განვადების შეთავაზებას. ამ კომპონენტში გაცემული თანხების რაოდენობა 2,199,819 ლარს შეადგენს, პროექტით სულ 5448-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
შეღავათიანი აგრო კრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის პროექტში ერთ ბენეფიციარზე გაცემული შეღავათიანი სესხების ჯამური თანხა განისაზღვრება 5 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას ახდენს სააგენტო, სესხის ძირითადი თანხის 9 %-ის ოდენობით. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში ჯამში გაცემულია: 15 712 სესხი, გაცემული თანხა შეადგენს: 284,000,977 ლარს,”- აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
უწყებაში განმარტავენ, რომ შეღავათიანი აგრო კრედიტი სასოფლო – სამეურნეო საწარმოებისთვის ითვალისწინებს ახალი სასოფლო–სამეურნეო საწარმოების შექმნასა და არსებული საწარმოების ტექნოლოგიურ გადაიარაღებას. ამ კომპონენტის ფარგლებში გაცემული კრედიტის თანხა განისაზღვრება 30 000 აშშ დოლარიდან 600 000 აშშ დოლარამდე ან მისი ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში. საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთების საგრანტო თანადაფინანსებას იხდის სააგენტო, სესხის ძირითადი თანხის 12%-ის ოდენობით. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში ჯამში გაცემულია: 685 სესხი, გაცემული თანხა შეადგენს 151,049,526 ლარს. 685 სესხიდან 89 ახალი საწარმოა.