ახალი ამბები

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 119 051 ტონა ყურძენი გადამუშავდა

“ყურძნის კრეფა, ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასრულებულია. წელს, რთველის პერიოდში ყურძნის ფასი უპრეცედენტოდ მაღალი იყო და ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა. 
სახელმწიფოს ხელშეწყობით, შესრულდა დანაპირები – მაქსიმალურად მოხდა ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობა. ღვინის მწარმოებელი კომპანიები დღესაც განაგრძობენ ყურძნის მიღებას. შესაბამისად, არც ერთ მევენახეს მოსავალი ჩაუბარებელი არ დარჩება”, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 
სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ რთველის მიმდინარეობის პერიოდში, არაერთხელ ყოფილა მცდელობა რთველის პროცესის შეფერხებისა თუ ჩაშლის, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი, ორგანიზებული მუშაობით ყველა წინააღმდეგობა გადაილახა. 
“2014 წლის რთველი ბოლო ათეული წლების მანძილზე ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებულია. ამას არსებული სტატისტიკაც ადასტურებს. დღეს, როდესაც რთველი ფაქტობრივად სრულდება, ცაგერის მუნიციპალიტეტში, გარკვეული ჯგუფები კვლავ ცდილობენ, ხელი შეუშალონ ყურძნის ჩაბარების პროცესს. ღვინის კომპანიები შეუფერხებლად განაგრძობენ ყურძნის მიღებას და მზად არიან, ოჯალეშის ჯიშის ყურძენში გადაიხადონ მაქსიმალური ფასი (2.50 ლარი), რაც კი ცაგერში ოდესმე დაფიქსირებულა. აქედან გამომდინარე, მევენახეების მხრიდან ფასის გაპროტესტება და რთველის პროცესის შეფერხება გაუმართლებელია”, – ნათქვამია განცხადებაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დასრულდა ის დრო, როდესაც სახელმწიფო უხეშად ერეოდა რთველის პროცესში, თავად განსაზღვრავდა ყურძნის ფასს და კერძო სექტორის კონკურენტი ხდებოდა. “სახელმწიფო ფასების რეგულაციაში არ ჩაერევა. ფასს არეგულირებს ბაზარი.
ღვინის ეროვნული სააგენტო, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არც ერთი მტევანი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება”, – ნათქვამია განცხადებაში.