ახალი ამბები

“იარაღის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების ნაწილი შემსუბუქდა

მთავრობამ იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით პოზიცია და პარლამენტში წარდგენილი შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი შესაძლოა შეარბილოს.
ეს იმ შენიშვნებს უკავშირდება, რომელიც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის საპარლამენტო კომიტეტებში განხილვისას გამოითქვა. ძირითადად საუბარია ცეცხლსასროლი იარაღის ქონასთან დაკავშირებულ ასაკობრივ ცენზზე და ასევე იმ აკრძალვაზე, რომელიც ნასამართლობის მქონე პირებთან დაკავშირებით შემოდის. 
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი, პროექტის შესაბამისი მუხლები გადაიხედება. საკანონმდებლო ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის ნებართვა არ გაიცემა პირზე, რომელსაც 23 წელი არ შესრულებია, სპორტული, გაზის და სანადირო იარაღის შემთხვევაში კი, 21-წლიანი ასაკობრივი ზღვარი დგინდება. 
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, ასაკობრივი შეზღუდვა ყველა სახის სამოქალაქო იარაღის შეძენაზე 21 წელი იქნება, ხოლო სპორტული იარაღის შემთხვევაში, 18 წელზე გავრცელდება, რადგან ბარამიძის თქმით, პირებს, რომლებიც შესაბამისი სახეობის სპორტით არიან დაკავებული, პრობლემა არ შეექმნათ.