ახალი ამბები

ტურისტულმა კომპანიებმა შესაძლოა, ჯგუფური ვიზები გამარტივებული წესით გასცენ

ტურისტულ კომპანიებს შესაძლოა აკრედიტაცია მიეცეთ, რათა მათ გამარტივებული სახით ჯგუფური ვიზები გასცენ იმ ქვეყნის ტურისტებზე, რომლებსაც საქართველოში შემოსვლისთვის ვიზები სჭირდებათ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურისტებთან დაკავშირებით ვიზების ნაწილში დღეს არსებული კანონმდებლობა გაცილებით ლიბერალურია, ვიდრე აქამდე იყო. 
“თუ მანამდე საზღვარზე გაიცემოდა ვიზები, დღეს ვიზები საზღვარზეც აღარ არის საჭირო. რამდენიმე ქვეყანაა დარჩენილი, რომლებთანაც ნამდვილად არის ვიზა მოთხოვნილი. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმისთვის, რომ დაიხვეწოს როგორც ელექტრონული ვიზების ნაწილი, ასევე გვაქვს ახალი ინიციატივა მოხდეს ტურისტული კომპანიების აკრედიტაცია, რომ ტურისტებს მიეცეთ გამარტივებული სახით ჯგუფური ვიზების აღების შესაძლებლობა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტურისტული სააგენტოების აკრედიტაციის შემუშავების პროცესი. მომზადებულია პირველი დრაფტი და გადაგზავნილია შიდა შემუშავებაში.